ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, "ნენსკრაჰესის" პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნენსკრაჰესის" პროექტს საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს.როგორც ღარიბაშვილმა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული ხელმოწერის ცერემონიალზე განაცხადა, "ნენსკრაჰესის" განხორციელებით დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აშენდება ასეთი მასშტაბის ჰიდროელექტროსადგური.

"ნენსკრაჰესის" პროექტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. ჰესი ისეა დაპროექტებული, რომ უზრუნველყოს ზამთრის თვეებში იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩანაცვლება. ეს დიდად გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემის მდგრადობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰესის მშენებლობა ემყარება Build-Operate-Transfer (BOT) სტრუქტურას, რომლის თანახმადაც ინვესტორი ვალდებულია ააშენოს ჰიდროელექტროსადგური, ოპერირება გაუწიოს მას 35 წლის განმავლობაში და შემდეგ უსასყიდლოდ გადასცეს საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს. "ნენსკრაჰესი" იქნება საქართველოში პირველი პროექტი, რომელიც განხორციელდება ამ მოდელით და საბოლოოდ სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის.  "ეს გახლავთ ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტი, რომელსაც ხელს აწერენ საპარტნიორო ფონდი, კორეული კომპანია K-Water-ი, საქართველოს მთავრობა, ,,ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" და ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა". უნდა აღვნიშნო, რომ "ნენსკრაჰესის" პროექტის განვითარება 2010 წელს დაიწყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მოჩვენებითი დაწყება, რადგან შერჩეულმა კომპანიამ ვერ დააკმაყოფილა სათანადო მოთხოვნები. 2013 წლიდან ჩვენ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა "ნენსკრაჰესის" პროექტზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში შემოდის კორეის სახელმწიფო კომპანია და ეს არის ნდობის გამოხატულება საქართველოსადმი და იმ ბიზნეს კლიმატისადმი, რომელიც ქვეყანაშია. "ჩვენ გვყავს როგორც ღირსეული ინვესტორი, ისე ღირსეული სამშენებლო კომპანია, რომელიც ამ პროექტს განახორციელებს. ეს არის იტალიური კომპანია ,,Salini Impregilo", - აღნიშნა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, "ნენსკრაჰესის" პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი დოლარია, ხოლო სესხის კომპონენტში მონაწილეობენ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის ,,ექსიმბანკი". "ასევე, დიდი წვლილი პროექტის სტრუქტურირებაში შეიტანეს საპარტნიორო ფონდის კონსულტანტებმა, მსოფლიო ბანკის ჯგუფმა, კერძოდ კი საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ. მინდა გითხრათ, რომ პროექტთან დაკავშირებით ყველა ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული დეტალი უკვე შეთანხმებულია და სამშენებლო კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს სამობილიზაციო სამუშაოებს მშენებლობისათვის. ჰესის სიმძლავრეა 280 მეგავატი. მისი პოტენციური წლიური გამომუშავება იქნება 1.2 მილიარდ კილოვატ საათი. სადგური ელექტროენერგიის გამომუშავებას 2019 წლიდან დაიწყებს და 2021 წელს პროექტი საბოლოოდ დასრულდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, ახალი მთავრობის პირობებში აშენდა 9 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 157 მეგავატია. "ასევე დასრულდა გარდაბნის 237 მეგავატი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა. მშენებლობის პროცესშია 16 ჰიდროელექტროსადგური, მთლიანად 2012 წლის 1 ოქტომბრიდან დღემდე ენერგეტიკაში 400 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.