შემოდგომიდან ე.წ. ჯენერიკ მედიკამენტებზე ფასები შემცირდება

შემოდგომიდან ე.წ.ჯენერიკ მედიკამენტებზე ფასები შემცირდება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  მისი თქმით, სამინისტროში "ჯენერიკ მედიკამენტებზე" ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მუშაობა უკვე მიმდინარეობს.  "შემოდგომიდან ჩვენ ვფიქრობთ ჯენერიკ მედიკამენტებზე შეღავათების დაწესებას და ფასი ამ მედიკამენტებზე ნაკლები იქნება, თუმცა რა ფორმით მოხდება და რამდენით შემცირდება მედიკამენტებზე ფასი ამაზე საუბრი დღეს ნაადრევია. ამ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

მისი თქმით, მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით სამინისტროში ყოველდღიური მუშაობა მიმდინარეობს. "სამინისტროს შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და სწორედ ამის შედეგია ის, რომ ძირითადი გამოყენების მედიკამენტებზე ფასების რადიკალური ზრდა ქვეყანაში არ მომხდარა. ეს ბუნებრივია მარტო რომელიმე მხარის, მე ვგულისხმობ კერძო სექტორის ინიციატივა არ გახლავთ. ეს გახლავთ ურთიერთშეთანხმებული მუშაობის შედეგი", - აღნიშნა ზაზა სოფრომაძემ.