კახა კალაძე: საქართველო არასოდეს დაბრუნდება სიბნელეში

საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში და საქართველო არასოდეს დაბრუნდება სიბნელეში", -ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც საპარტნიორო ფონდმა "ნენსკრაჰესის" მშენებლობის დაწყება ოფიციალურად გამოაცხადა.

როგორც კალაძემ განმარტა, საქართველოს აქვს რეალური შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში გახდეს ელექტროენერგიის იმპორტიორი ქვეყანა. "დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარების კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ეყრება საფუძველი. ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იმ პროექტებს შორის, რაც ბოლო წლებში განხორციელდა და რომელიც სერიოზულ წვლილს შეიტანს ამ სექტორის განვითარებაში. მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი ენერგეტიკის მნიშვნელობას ქვეყნის აღმშენებლობის ურთულეს საქმეში. ჩვენ უნდა განვახორციელოთ ისეთი პროექტები, რომლებიც ათწლეულები იქნება ჩვენი თაობების სამსახურში როგორც ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების და პროგრესის გარანტები. ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს სწრაფად და ხარისხიანად მოხდეს იმ საფუძვლების შექმნა, რაც სტაბილურს და შეუქცევადს გახდის დაწყებული ეკონომიკური განვითარების ურთულეს პროცესს. ჩვენ ვართ ორიენტირებული შედეგზე და არა მომენტალურ ეფექტზე. ჩვენმა მოსახლეობამ ორ ათეულ წელზე მეტი იწვალა, გადაიტანა პოლიტიკური ომები, მავნებლური ინტრიგები და კლანური გადანაწილებები. დღეს ჩვენი გუნდი, ქვეყნის მთავრობა ორიენტირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე. ჩვენი ინტერესი, მიზანი და ოცნებაა, შევქმნათ ისეთივე სტაბილური, უზრუნველყოფილი ქვეყანა, როგორიც ევროპის ქვეყნებია. დღეს საქართველო განიცდის ენერგეტიკის მიმართულებით ელექტროენერგიის დეფიციტს, თუმცა ჩვენ გვაქვს რეალური შანსი და შესაძლებლობა იმისა, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა. მოვახერხოთ და დავაკმაყოფილოთ არა მხოლოდ შიდა ბაზარი, არამედ ელექტროენერგია გავიტანოთ თურქეთში და თურქეთის გავლით ევროპულ ქვეყნებში. საქართველო არასოდეს დაბრუნდება წარსულში და საქართველო არასოდეს დაბრუნდება სიბნელეში და ამას ჩვენ ერთად დგომით და ერთსულოვნებით მივაღწევთ", - აღნიშნა კალაძემ.