"ნენსკრაჰესის" მშენებლობისთვის საჭირო თანხის 95% საზღვარგარეთიდან შემოვა"

"ნენსკრაჰესის" მშენებლობისთვის საჭირო თანხის 95% საზღვარგარეთიდან შემოვა,- ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა ირაკლი კოვზანაძემ სასტუმრო "რედისონში" განაცხადა, სადაც ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის საიმპლემენტაციო ხელშეკრულებათა პაკეტს მოეწერა ხელი.

როგორც კოვზანაძემ განმარტა, ეს ნიშნავს პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩადებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას.  "საპარტნიორო ფონდი წელიწადნახევრის განმავლობაში მუშაობდა ამ პროექტზე და ის წარმატებით დავასრულეთ. ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის სიმძლავრე 280 მეგავატი იქნება. წლიური გამომუშავება კი 1 მლრდ.ორასი მილიონი კილოვატსაათი, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა 12 წლის განმავლობაში მიიღებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი დოლარია. ამ თვალსაზრისით ჩვენი პარტნიორი კაპიტალში არის კორეის სახელმწფიო კომპანია, რომელიც გიგანტური კომპანიაა, ხოლო პარტნიორები საბანკო კუთხით გახლავთ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და კორეის "ექსიმბანკი". პრაქტიკულად ეს ნიშნავს იმას, რომ მომდევნო 4 წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკაში ჩაიდება ორ მილიარდ ლარზე მეტი და შეიქმნება ასეულობით დამატებითი სამუშაო ადგილი , განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში. მშენებლობას განახორციელებს უზარმაზარი იტალიური კომპანია სალიმი იმპრეგილო, რომელმაც უზარმაზარ კონკურსში გაიმარჯვა და რომელსაც ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის დიდი გამოცდილება გააჩნია – მას მსოფლიოში ყველაზე ბევრი ჰიდროელექტროსადგური აქვს აშენებული.  უნდა აღვნიშნოთ, რომ საჭირო თანხების 95% შემოვა საზღვარგარეთიდან, ანუ პრაქტიკულად ეს იქნება პირდაპირი უცხოური ინვესტიცია", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

მისივე განმარტებით, პირველი პრეცედენტია ისიც, რომ ექსპლუატაციიდან 35 წლის შემდეგ ჰიდროელექტროსადგური საკუთრებაში საქართველოს სახელმწიფოს გადმოეცემა."ქართული საზოგადოებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია ის, რომ ექსპლუატაციიდან 35 წლის შემდეგ სადგური გადმოეცემა საქართველოს სახელმწიფო საკუთრებაში, რაც ასევე პირველი პრეცედენტია, რომლის განხორციელებაც საპარტნიორო ფონდმა მოახერხა. მე როგორც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს, მიხარია და მეამაყება, რომ ჩვენმა ფონდმა მსგავსი კალიბრის პოექტზე წარმატებით მუშაობა შეძლო. ეს პროექტი ჩადგება ისეთ პროექტების რიგში, როგორიცაა ენგურის ჰიდროელექტროსადგური, ბაქო-ჯეიჰანი და ა.შ. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა რომ არ ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა და თანადგომა. ამისთვის კი მინდა მთავრობის თითოეულ წევრს მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას.