ოთარ დანელია მობილური სატუმბი სადგურების გამოყენებით რწყვის პროცესს დაესწრო

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და შპს "საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი მობილური სატუმბი სადგურების გამოყენებით რწყვის პროცესს დაესწრნენ.

"საქართველოს მელიორაციის" ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ,,საქართველოს მელიორაცია" სარწყავი და სადრენაჟე სისტემების მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებენ. მიმდინარე კაპიტალური სარეაბილიტაციო პროექტების პარალელურად, წლევანდელი სარწყავი სეზონისათვის კომპანიამ მელიორაციაში არსებული ირიგაციის მეთოდი - მობილური მელიორაცია აღადგინა. მობილური მელიორაცია გადასატანი სატუმბი სადგურების გამოყენებას გულისხმობს. მობილური მელიორაციის სამსახურის გახსის შემდეგ, დღეისათვის მოირწყა 120 აბონენტის 200 ჰექტარი მიწის ფართობი. ,,მობილური მელიორაციის" გამოყენებით შესაძლებელი გახდა ისეთი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთების წყლით უზრუნველყოფა, რომელთაც წყალი სატუმბი ინფრასტრუქტურის განუვითარებლობის გამო შეფერხებით მიეწოდებოდა. მობილური სატუმბი სადგურებით წყალუზრუნველყოფა მოხდება აგრეთვე საირიგაციო სისტემებში წყალნაკლულობის და სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს. აღნიშნულ სამსახურში დღეისათვის 10 გადასატანი სატუმბი სადგური ირიცხება. სამომავლოდ "მობილური მელიორაციის" სამსახურის გაფართოება იგეგმება.

კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე დასრულდა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 19 პროექტი - ირიგაცია 8 140 ჰა-ზე, დრენაჟი - 925 ჰა-ზე. შედეგად, 75-მდე სოფლის მოსახლეობამ სარგებელი მიიღო.