მიდიოდა თბილისი-ბორჯომის მატარებელი

თუ ფულის დაზოგვა გსურთ, "მეორადი" სასმლით 50 თეთრად ისიამოვნებთ

პირველად ბორჯომი-თბილისის მატარებლით 6 წლის წინ ვიმგზავრე, მაშინ დავიფიცე, აქ მეორედ ფეხს არ შემოვდგამ-მეთქი. ვაგონებში სრული ანტისანიტარია სუფევდა, აღარაფერს ვამბობ დაუსრულებელ, 7-საათიან მგზავრობაზე. თუმცა,­ წელს ამ პირობის დარღვევა­ მაინც მომიხდა - რადგან ქვეყნის მთავარ მაგისტრალებზე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მძღოლები გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ და საავარიო სიტუაციასაც ქმნიან, სიფრთხილის მიზნით, შვილთან ერთად ბორჯომში მატარებლით მგზავრობა ვარჩიე. ბორჯომის მიმართულებით მატარებელი დღეში ორჯერ, დილა-საღამოს გადის. მგზავრობის დაბალი ფასიდან გამომდინარე (2 ლარი) მატარებელი გადაჭედილია. უნდა იყოჩაღო, რომ ბაქანზე მატარებლის ჩამოდგომისთანავე ვაგონში შესვლა და ადგილის დაკავებაც მოასწრო. საყოველთაო ზედახორაში ეს როგორღაც მოვახერხეთ და ჩვენს ადგილებზე მოვთავსდით. ვინც ვერ მოასწრო, ფეხზე მდგომს მოუწია მგზავრობამ. გულწრფელი­ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ადრინდელთან შედარებით, უკეთესი სიტუაცია დამხვდა. ძველი, გაპარტახებული სავარძლები ახლით და შედარებით რბილით შეეცვალათ, მგზავრობასაც 4 საათი დასჭირდა. თუმცა, ეს მატარებელი 21-ე საუკუნის რკინიგზას მაინც არ ეკადრება.

პაპანაქება სიცხეში მატარებლით მგზავ­რობა ნამდვილი კოშმარი აღმოჩნდა.­ ვენტილაცია არ არსებობს, პაწაწინა სარკმლები კი განიავებას ვერ უზრუნველყოფს. დახუთული ჰაერი, უსიამოვნო სუნი, ჭუჭყიანი ფანჯრები და სავარძლები­ იქაურობას აუტანელს ხდიდა. მთელი გზა გამყიდველები ცივი სასმე­ლისა და ცხელი ნაზუქების შეძახილებით გვიკლებდნენ. თბილისიდან ხაშურამდე ერთმანეთის მონაცვლეობით ვაგონიდან ვაგონში გადადიოდნენ და მგზავრებს­ ცივ წყალთან ერთად პაპანაქება სიცხეში გამდნარ შოკოლადს, კრემიან ბისკვიტს, ბურბუშელას, ნაზუქებსა და სხვა ნუგბარს სთავაზობდნენ. თავიდან ვიფიქრე, როცა დაიძვრება, ჩავლენ-მეთქი. თურმე, მწარედ შევცდი. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ამ სიამოვნებას ორმაგ ფასში გვთავაზობდნენ...

ბავშვს მოსწყურდა და ნახევარლიტრიანი ბოთლით ცივი წყალი ვიყიდე, ფასმა გამაკვირვა - 50 თეთრი. თუმცა, მთავარი გაოცება წინ მელოდა. როცა გამყიდველმა ხურდა დამიბრუნა, თან დააყ­ოლა, ბოთლს რომ დაცლი, დამიბრუნეო. შუშის ბოთლი რომ ყოფილიყო, კიდევ გასაგებია, შეიძ­ლება აბარებს-მეთქი, მეფიქრა, მაგრამ პლასტმასის ბოთლის მრავალჯერადი გამოყენება ვერანაირ ლოგიკაში ვერ ჩავსვი. აღმოჩნდა, რომ გამყიდველი გამოყენებულ ბოთლებს­ წყლით ავსებს, მაცივარში ინახავს და შემდეგ ყიდის. ჰიგიენაზე, რომ არაფერი ვთქვათ, ეს წყალი ჯანმრთელ­ობისთვის არის საშიში - ვინ იცის, ჩემ­ამდე ვინ მოიყუდა ბოთლი... როცა გავაპროტესტე, დამამშვიდა, წყალი დაშტამპული ბოთლითაც მაქვს, ოღონდ ლარი ღირსო. ჩემმა აღშფოთებამ ის შედეგი გამოიღო, რომ მგზავრობის ბოლომდე გამყიდველი ყოველ დაძახებაზე - აბა, ცივი წყალი, თან ინსტრუქციას მოაყოლებდა, დაშტამპულიც მაქვსო(!).

თბილისში დაბრუნებაც მატარებლით მომიხდა. სიტუაცია უცვლელია. გამყიდველების დაუსრულებელი შეძახილები, მათ თავიდან მოცილებაზე კი არავის უფიქრია.

კონდუქტორებმა განმარტეს, მათი გაძევების უფლება არ გვაქვსო და ბილეთების შემოწმება განაგრძეს. მგზავრები ეჭვობდნენ, რომ გამყიდველები რკინიგზის ადმინისტრაციასთან გარიგებული არიან, თანხას უხდიან და ამიტომაც რთავენ ნებას, ივაჭრონ მთელი მგზავრობის განმავლობაში... დამაგვირგვინებელი აკორდი დამწვარი "კალოდკების" სუნი აღმოჩნდა, რის გამოც მატარებელი დროდადრო ჩერდებოდა. ერთი პირობა ვიფიქრეთ, ხომ არ ჩავიდეთ, გზაში არ ავფეთქდეთო, მაგრამ გამცილებლებმა დაგვამშვიდეს, ასე ემართება, საშიში არაფერია, მშვიდობით ვიმგზავრებთო.­ ასე ვაი-უშველებლით ჩამოვედით.

თბილისში დაბრუნებულმა, ცხადია, საქართველოს რკინიგზას მივმართე. პრესსამსახურის უფროსმა, დაჩი ცაგურიამ გაიკვირვა, - ბორჯომ-თბილისის მატარებელი გარემონტდა და თქვენი პრეტენზიები ლოგიკასთან ახლოსაც არ არის(?!), რაც შეეხება გამყიდველებს, ამის შესახებ არაფერი მსმენია და ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები. კონდუქტორს კი უფლება არ აქვს, გამყიდველს მატარებელში ასვლა დაუშალოს, თუკი ბილეთს შეიძენს... გამოდის, ნებისმიერს შეუძლია ბილეთი შეიძინოს, შემდეგ ყუთებით გასაყიდი საქონელი აზიდოს და ფულიც გააკეთოს. მე, როგორც მოქალაქეს, მგზავრსა და ჟურნალისტს პრეტენზია ყოველთვის მექნება თუ დავინახავ, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა და მის გამოსწორებაზე ნაკლებად ან თითქმის არ ფიქრობენ.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება... სახურავზე"

მას შემდეგ, რაც ინგლისელმა კოლონისტებმა ინდოეთში რკინიგზა გაიყვანეს, მატარებელი ინდოელთა საყვარელი ტრანსპორტი გახდა. მილიარდნახევრიან ქვეყანაში ახალთან ერთად უამრავი ძველი მატარებელიც დადის, რომლებიც მუდმივად გადატენილია, ხოლო იმას, რაც ყოველ შაბათ-კვირას ინდოეთის მატარებლებში ხდება, "გადატენილიც" აღარ ჰქვია. კიდევ უფრო უარესი მდგომარეობაა ბანგლადეშში, ამ ღარიბი ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობამ 140 მლნ-ს გადააჭარბა " აქ აბსოლუტურად ყველა მატარებელი, მგზავრების შტურმის ობიექტია. სხედან ყველგან " ვაგონების შეერთების ადგილსა თუ სახურავზე. საქმე იქამდე მივიდა, რომ რკინიგზის სადგურების ბაქნები "ორსართულიანი" გახდა.

სალომე გოგოხია

წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"