ნაყინზე რძის ტექნიკური რეგლამენტი არ ვრცელდება

„მომხმარებელმა უნდა იცოდეს ნაყინი ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ მისი შემცვლელისგან“

ზაფხული წამოუდგენელია ისეთი ნუგბარის გარეშე, როგორიც ნაყინია, თუმცა რამდენად უსაფრთხოა ის ჩვენი ჯანმრთელობისთვის?

როგორც Bpn.ge-ს სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, მიმდინარე წელს ნაყინის 27 ნიმუში გამოიკვლიეს და ექვს ნიმუშში დარღვევა გამოვლინდა, აქედან ოთხ ნიმუშში ჯანმრთელობისთვის საშიში ბაქტერია, ლისტერია აღმოაჩინეს. ჯერჯერობით, სალმონელა ნაყინის არც ერთი სახეობაში არ გამოვლენილა. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ნაყინის შემცველობა. დაახლოებით ერთი თვის წინ, რძისა და რძის ნაწარმზე ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, რომლის მიზანია ნატურალური და რძის შემცვლელი პროდუქტების კლასიფიკაციაა. ტექნიკური რეგლამენტი მიზნად ისახავს რძის პროდუქტების სფეროში მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. რეგლამენტის ამოქმედებით ბიზნესოპერატორი ვალდებულია პროდუქტის შეფუთვაზე, ეტიკეტზე მიუთითოს პროდუქტი ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ რძის შემცვლელი ნივთიერებისგან, მაგალითად მცენარეული ცხიმებისგან. რეგლამენტის ამოქმედებას მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო სარეალიზაციო ქსელიდან ზოგიერთი ბრენდული კომპანიის ნაწარმის ამოღება მოჰყვა. ამ ეტაპზე ვითარება მეტ-ნაკლებად გამოსწორდა და მომხმარებელს საშუალება აქვს შეიტყოს რძის ნატურალურ პროდუქტს იძენს თუ შემცვლელისგან დამზადებულს.

როგორც ჩანს, ეს რეგულაციები ნაყინზე არ ვრცელდება.

Bpn.ge-მ სუპერმარკეტებში წარმოდგენილი სხვადასხვა კომპანიების მიერ წარმოებული ნაყინების ეტიკეტები შეამოწმა და არც ერთ მათგანზე მითითებული არ არის, ნაყინი ნატურალური რძისგან არის დამზადებული თუ შემცვლელისგან.  როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ტექნიკური რეგლამენტი მხოლოდ რძისა და რძის პროდუქტებზე ვრცელდება. რაც შეეხება ნაყინს, ამ შემთხვევაში ეტიკეტზე ინფორმაციის განთავსება ბიზმესოპერატორების მხრიდან ნებაყოფლობითია.

Bpn.ge-თან საუბარისას არასამთავრობო ორგანიზაცია „ანტიკორუფციული კავშირის“ ხელმძღვანელი, გია ბურჯანაძე აცხადებს, რომ ნაყინიც რძის ნაწარმს განეკუთვნება და ტექნიკური რეგულაცია მასზეც უნდა ვრცელდებოდეს. „ნაყინის დაახლოებით 99% რძის ფხვნილისგან მზადდება. გამოდის, რომ ფაქტობრივად ნატურალური რძისგან ნაყინს საქართველოში არავინ ამზადებს, რადგან ეს ძალიან ძვირი ჯდება. რძის ფხვნილი კატეგორიებად იყოფა - საკვებად და საკვებ დანამატად. მომხმარებელს აქვს უფლება იცოდეს რისგან დამზადებულ ნაყინს მიირთმევს. გამოდის, რომ მომხმარებელი მეწარმის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული, რაც დაუშვებელია. მეწარმე ვალდებულია, რომ ეტიკეტზე მიუთითოს რისგან ამზადებს ნაყინს - ნატურალური რძისგან თუ შემცვლელისგან და ეს შემცვლელიც, რომელ კატეგორიას მიეკუთვნება. შემდეგ თავად მომხმარებელი გადაწყვეტს შეიძინოს თუ არა ესა თუ ის პროდუქტი,“ - ამბობს ბურჯანაძე.

როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნეს, უახლოეს დღეებში იგეგმება ნაყინის 10 ნიმუშის აღება და ლაბორატორიული კვლევა ლისტერია მონიციტოგენზე.

სალომე გოგოხია