ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო

სასტუმრო "თბილისი მარიოტში", ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყო, რომელსაც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მიხეილ ჯანელიძე უძღვება.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ამოქმედების შემდეგ, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების თაობაზე ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. აღნიშნულ ასოციაციასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შედეგად საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მაღალმსყიდველუნარიანი ბაზარი, რომელიც აერთიანებს 4 ქვეყანას (შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტეინი) და 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს.

სამინისტროში აცხადებენ, რომ საქონლისა და მომსახურების თავისუფალი გადაადგილება ხელს შეუწყობს საქართველოს საექსპორტო და საინვესტიციო პოტენციალის ზრდას, ასევე ახალი საწარმოებისა და სამუშაოების გაჩენას. "აღსანიშნავია, რომ ეს იქნება პირველი საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც საქართველო გააფორმებს ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან. მხარეთა შორის შეხვედრები და მოლაპარაკებების პროცესი 4 სექტემბრამდე გაგრძელდება", - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.