ტელეკომპანიებში ფულის ნაკადმა იკლო

მაუწყებლობის შესახებ ახალმა კანონმა ტელეკომპანიების შემოსავალზე გარკვეული ნეგატიური გავლენა უკვე მოახდინა. მართალია, ზოგიერთ მაუწყებელს რეკლამიდან მიღებული თანხა გაეზარდა, თუმცა სასპონსორო შემოსავალი შეუმცირდა და თანაც მნიშვნელოვნად. თუ შემოსავლის შემცირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდა, ტელეკომპანიებში მსხვილი პროექტები და გადაცემები, სავარაუდოდ, კვლავაც დაიხურება.

ტელეკომპანია "იმედმა" ახალი სეზონისთვის ორი გადაცემა "იმედის კვირა" და "რეაქცია" დახურა, მანამდე მუშაობა შეწყვიტა "ჯიდიესზე" ყოველკვირეულმა გადაცემამ "კვირა 20/30"-მა. "იმედმა" გადაცემების დახურვის მიზეზად არხზე თოქ-შოუების ფორმატის ცვლილება დაასახელა, "კვირა 20/30" კი იმიტომ შეჩერდა, რომ პროექტის ვადა ამოიწურა.

"რეაქციისა" და "იმედის კვირის" დახურვას მედიაექსპერტების თუ პოლიტიკოსების ერთი ნაწილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას უწოდებს, ნაწილი კი დუმს. თუმცა ყველას ავიწყდება, რომ გადაცემა, რომელიც დიდ დროს, ენერგიასა და ფინანსებს მოითხოვს, შესაძლოა, იმიტომ დაიხურა, რომ არხს მისი დაფინანსება უჭირს. მართალია, ფინანსებთან დაკავშირებით არავინ საუბრობს, თუმცა თუ მაუწყებლობის შესახებ ახალ კანონს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ისეთ გადაცემებს, როგორიც "იმედის კვირა" და "რეაქციაა", სპონსორის ყოლის უფლება არ აქვთ, საერთოდ ტელეკომპანიებს კი მკაცრად ეზღუდებათ. გამორიცხული არ არის, ამა თუ იმ გადაცემის შემოსავლის მკვეთრად შემცირების მიზეზი ესეც ყოფილიყო. ამ საკითხზე პასუხის მიღებას "ბიზნეს-რეზონანსი" "იმედის" ხელმძღვანელობისგან გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა, თუმცა ამაოდ.

"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები 1-ელ აპრილს ამოქმედდა. ახალი კანონით სარეკლამო და სასპონსორო მომსახურების წესები შეიცვალა. სასპონსორო მომსახურება საათში 4 წუთამდე შეიზღუდა. ახალი წესით, საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამების სპონსორობა აკრძალულია. მანამდე არსებული რეგულაციით, რეკლამას მთლიანი სამაუწყებლო ბადის 20% ეჭირა, რაც დღე-ღამეში 4 საათი და 48 წუთი იყო, ახალი რეგულაციით კი სარეკლამო დრო საეთერო საათის 20%-ს არ უნდა აღემატებოდეს, რაც საათში 12-წუთიან შეზღუდვას აწესებს. რეგულაცია ე. წ. "პრაიმ ტაიმსაც" ეხება, სადაც რეკლამის განთავსება შედარებით მეტი ღირს. კანონში ცვლილებებს იმთავითვე აკრიტიკებდნენ სამაუწყებლო კომპანიის წარმომადგენლები და აცხადებდნენ, რომ ახალი რეგულაციები მათ ფინანსურ დამოუკიდებლობას დააკარგვინებდა. გარდა ამისა, კანონი სარეკლამო ბაზრის ცვლილებასაც გამოიწვევდა.

ზოგიერთი ტელევიზიის ხელმძღვანელობის შიში არ გამართლდა, ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მათი სარეკლამო შემოსავალი კი არ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. თუმცა, სხვა ვითარებაა სასპონსორო შემოსავალთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში ახალმა კანონმა ყველა წამყვანი ტელევიზია ერთნაირად აზარალა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის მეორე კვარტალში ტელევიზიების მიერ მიღებულ შემოსავლებს ეხება, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის მიერ მიღებული შემოსავალი 12 475 448 ლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 2,4 მლნ ლარით მეტია. 2014 წლის მეორე კვარტალში "რუსთავი 2"-ის სარეკლამო შემოსავალმა 10 062 373 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში "რუსთავი 2"-ს მნიშვნელოვნად შეუმცირდა სასპონსორო შემოსავალი. თუ 2014 წლის მე-2 კვარტალში ტელევიზიის სასპონსორო შემოსავალი 2 489 993 ლარი იყო, 2015 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 55 938 ლარამდე შემცირდა.

შარშანდელთან შედარებით სარეკლამო შემოსავალი გაეზარდა "იმედსაც".

თუ 2014 წლის მეორე კვარტალში სარეკლამო შემოსავალი 4 433 347 ლარი იყო, წელს - 6 938 843 ლარია. რაც შეეხება სასპონსორო შემოსავალს, 2015 წლის გრაფაში არაფერი წერია. 2014-ში კი "ტელეიმედის" სასპონსორო შემოსავალმა 1 864 063 ლარი შეადგინა.

2014 წელთან შედარებით სარეკლამო შემოსავალი შეუმცირდა "კავკასიას".

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშში ვნახულობთ, რომ 2015 წლის მეორე კვარტალში ტელეკომპანიამ რეკლამიდან 97 316 ლარი შეადგინა, სასპონსორო შემოსავალმა კი - 7 858 ლარი. რაც შეეხება 2014 წლის მეორე კვარტალს, შარშან "კავკასიის" სარეკლამო შემოსავალი იყო 184 241 ლარი, სასპონსორო შემოსავალი კი არ ჰქონდა, ყოველ შემთხვევაში, ასეა აღნიშნული მარეგულირებელი კომისიის ვებ-გვერდზე. მაუწყებლობის შესახებ კანონმდებლობამ "მაესტროც" დააზარალა. როგორც კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშშია აღნიშნული, 2015 წლის 2 კვარტლის მონაცემებით "მაესტროს"  სარეკლამო შემოსავალმა შეადგინა 914 000 ლარი, სასპონსორო შემოსავალმა კი - 212 674 ლარი. 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში აღნიშნული მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალი იყო 1 913 878 ლარი, სასპონსორო კი - 785 934 ლარი.

ახალმა კანონმა "მაესტროს" შემოსავალზე რომ იმოქმედა, "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას არხის გენერალური დირექტორი ბაია გადაბაძეც ადასტურებს. "ახალი კანონი ვერ გეტყვით, რომ პოზიტიურად აისახა "მაესტროზე". ჩვენი გაყიდვის მოცულობის დაახლოებით 60% სასპონსორო პაკეტებზე მოდიოდა, ამჯერად ეს შეჩერებულია. იცით, რომ საზოგადოებრივ-პოლიოტიკურ გადაცემებს აეკრძალათ სპონსორობა, ბიზნესგადაცემების შემთხვევაში ძალიან ბუნდოვნად წერია და ზუსტად ვერც კი ვხვდებით, რა შემთხვევაში ვარღვევთ კანონს და რა შემთხვევაში არა. რა თქმა უნდა, შემცირდა შემოსავალი, მაგრამ ჯერჯერობით რომელიმე გადაცემის დახურვა არ იგეგმება. "მაესტრო", სამწუხაროდ, ნაწილობრივ ჯერ კიდევ დოტაციურია. რომ არ შემოღებულიყო ეს კანონი, ვფიქრობდით, რომ 2015 წელს შეიძლებოდა საკუთარი თავი თავადვე "შეგვენახა", თუმცა ასე არ მოხდა. ყველაფერი მხოლოდ ახალი სარეკლამო რეგულაციებით არაა განპირობებული, რადგან დღემდე გაურკვეველია და ძალიან ბუნდოვანია რეიტინგები, რაშიც მუდმივად ეჭვი გვეპარება. ესეც უშლის ხელს ჩვენს მუშაობას", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ბაია გადაბაძემ.

რა გავლენა მოახდინა ახალმა კანონმა ტელევიზიების შემოსავლებზე და ხომ არ იგეგმება რომელიმე გადაცემის დახურვა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ბიზნეს-რეზონანსი" გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სხვა წამყვან ტელეკომპანიების მხრიდან კომენტარის მოპოვებას, თუმცა მათ წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. ერთ შემთხვევაში, პასუხისმგებელი პირები მეტად მოუცლელნი აღმოჩნდნენ, მეორე შემთხვევაში სატელეფონო ზარებს არც კი პასუხობდნენ.

საზოგადოებრივი კომუნიკაციის მართვის სპეციალისტი და გადაცემა "კვირა 20/30"-ის ყოფილი წამყვანი არჩილ გამზარდია ამბობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილება ნაკლებად სავარაუდოა რომელიმე გადაცემის დახურვის მიზეზი გამხდარიყო. "სარეკლამო კანონი თანამედროვე სტანდარტებზე აგებული კანონია და ის მორგებულია როგორც მომხმარებელზე, ასევე რეგიონულ მედიაზეც. იმის თქმა, რომ კანონმა სარეკლამო შემოსავალი შეუმცირა ტელევიზიებს და ზოგადად მან ნეგატიური გავლენა იქონია მაუწყებლობაზე, არ შეიძლება, რადგან ამ ყველაფერს ბაზარი არეგულირებს. ვიცით, არაერთი პროექტი, რომელიც ბოლო პერიოდში კომერციულად მომგებიანიც კი გახდა, ახალი სარეკლამო კანონი მთელ რიგ მედიასაშუალებებს ხელსაც კი უწყობს, რომ სარეკლამო კამპანიის დაგეგმისას დამკვეთმა მასაც მიაკითხოს", - განაცხადა გამზარდიამ.

"მედია.გე"-ს რედაქტორის დავით მჭედლიძის თქმით, ქართული სარეკლამო ბაზარი არ არის იმდენად დიდი, რომ ახალ კანონმდებლობას ტელევიზიების სარეკლამო შემოსავალზე სერიოზული ზიანი მიეყენებინა. თუმცა, ამ ცვლილებით ძირითადი დარტყმა მაინც მიიღო "იმედმა", "რუსთავი 2"-მა და ნაწილობრივ "მაესტრომაც"."ყველაზე მეტი რეკლამა "იმედსა" და "რუსთავზე" მიდიოდა. ის თანხა, რომელიც სპონსორებიდან და რეკლამიდან შედიოდა, ბუნებრივია, იმოქმედებს მაუწყებელთა შემოსავალზე, მაგრამ ეს არც ისე დიდი იქნება. მთლიანი რეკლამიდან 80% მიედინებოდა ტელევიზიებში, აქედან კი 70%-ზე მეტი "იმედსა" და "რუსთავი 2"-ზე. შემოსავალი კი შეუმცირდებათ, მაგრამ საკმარისად მაღალი მაჩვენებელი აქვთ იმისათვის, რომ ახალი კანონის მიერ მიყენებული ზარალი გადაიტანონ",- აცხადებს დავით მჭედლიძე.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"