ფოთის ბაზრის მოვაჭრეები იჯარის გაზრდას აპროტესტებენ

ფოთის ბაზრის 200-მდე მოვაჭრე იჯარის გაზრდას აპროტესტებს. დღემდე ისინი ყოველთვიურად 150 ლარს იხდიდნენ. ბაზრის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით კი , თანხა გაიზარდა და 200 ლარს შეადგენს. დღეს ბაზარში მისულ მოვაჭრეებს სავაჭრო ობიექტები დალუქული დახვდათ, რასაც მათი მხრიდან პროტესტი და ხმაური მოყვა. ისინი აცხადებენ, რომ მძიმე სოციალური პირობების გამო, მომატებული თანხის გადახდას ვერ შეძლებენ. მათივე განმარტებით, მოვაჭრეებს ბანკის ვალები აქვთ.

ბაზრის დირექტორი თეა ბელთანია კი ამბობს, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით მათ მიერ დაწესებული იჯარის გადასახადი , მინიმალურია. მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გარდაუვალი იყო. დღეს ბაზარში შეკრებილ მოვაჭრეებთან ფოთის მერი ირაკლი კაკულია მივიდა. მისი თქმით, ეს არის მოვაჭრეთა და კერძო მესაკუთრეებს შორის დავა. თუმცა, მოლაპარაკებებზე მზაობა გამოთქვა.

შეხვედრისას გადაწყდა, რომ მოვაჭრეები იჯარის თანხას კვლავ 150 ლარს გადაიხდიან. თუ როგორ დასრულდება დავა, მოვაჭრეებსა და კერძო მესაკუთრეს შორის, ერთი თვის შემდეგ გახდება ცნობილი.