იციკ მოშე საქართველოს მთავრობას მიმართავს, ეკონომიკურ კავშირებზე საკუთარ ელჩებთან იმუშაონ და არა - სხვა ქვეყნების ელჩებთან

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის პრეზიდენტი იციკ მოშე საქართველოს მთავრობას წინადადებებით მიმართავს, პირველ ეტაპზე , ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა - სხვა ქვეყნების ელჩებთან.ამის შესახებ ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.

იციკ მოშე ფიქრობს, რომ "საქართველოს ეკონომიკის გადარჩენის გასაღები ელჩების ხელშია".

"საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემების დროულად გადაჭრისა და ეროვნული ვალუტის- ლარის სიმყარის შენარჩუნების მიზნით, საჭიროა ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვა. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნის ბიზნესსექტორთან აქტიური მუშაობა და მათი დარწმუნება, რომ საქართველოში ამჟამად არსებობს ყველანაირი პირობა წარმატებული ბიზნესის წარმოებისთვის. ამ საქმეში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს განსაკუთრებულ როლს ვანიჭებ, რადგან მიმაჩნია, რომ სწორედ მათ შეუძლიათ ყველაზე წარმატებულად აწარმოონ ეს კამპანია.

ამასთან დაკავშირებით, მივმართავ საქართველოს მთავრობას შემდეგი წინადადებებით: პირველ ეტაპზე, ეკონომიკურ კავშირებზე იმუშაონ საკუთარ ელჩებთან და არა სხვა ქვეყნების ელჩებთან. თბილისში 2-4 სექტემბერს დაგეგმილ ამბასადორიალზე საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს ელჩებს დაევალოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ბიზნეს წრეებთან აქტიური მუშაობა და ყოველთვიურად თითო ინვესტორის მოზიდვა. აქვე შევნიშნავ, რომ ინვესტიციების მოზიდვის საქმეში დიპლომატიური მისიის შესაძლებლობების თვალსაჩინო მაგალითი იყო საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობა ისრაელში თბილისის მერის ვიზიტის ორგანიზებაში, რომელიც საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივით განხორციელდა და რომლის შედეგადაც ქვეყანა სულ მალე დამატებით რამდენიმე ათეული მილიონი დოლარის ინვესტიციას მიიღებს. ვფიქრობ, სხვა ქვეყნებშიც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მსგავსი აქტიურობა საქართველოს ეკონომიკისთვის სერიოზული ბიძგის მიმცემი გახდება. საჭიროდ მიმაჩნია, აგრეთვე, საქართველოში მოქმედი სავაჭრო პალატების მუშაობის ფორმატის შეცვლა; კერძოდ, მათზე გაცემული ლიცენზია უნდა მოიცავდეს წელიწადში ორჯერ საქართველოსა და მათ ქვეყანაში ბიზნეს ფორუმის ჩატარებას და ინვესტიციების მოზიდვას.

საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, თავის მხრივ, მზადაა საქართველოს მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოს ორივე წინადადების განხორციელებაში და მას გვერდში დაუდგეს მსოფლიოს სხვადასხვა დედაქალაქში ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასა და საჭირო კონტაქტების დამყარებაში", -ნათქვამია იციკ მოშეს განცხადებაში.