"ნაციონალური მოძრაობა" : საკადრო გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, ის საკადრო გადაადგილებები, რაც დღეს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა, ქვეყანას არანაირ სასიკეთო ცვლილებებს არ მოუტანს.

პარტიის ინფორმაციით,  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივანი სერგო რატიანი მიიჩნევს, რომ, ხელისუფლება სრულიად არაადეკვატურად იქცევა, როცა ეკონომიკის მინისტრს, საგარეო უწყებას აბარებს. "ეკონომიკის წარუმატებელი მინისტრი, მინისტრი, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში შეიყვანა, საგარეო უწყებაში გადაჰყავთ. რბილად რომ ვთქვათ, ამ მიმართულებით მისი კომპეტენცია არავისთვის არაა ცნობილი. რაც შეეხება მეორე ცვლილებას, გრძელდება პოლიტიკა, როდესაც საზოგადოებისათვის შედარებით უცნობ ადამიანს ყველანაირი დამსახურების გარეშე, მეტიც მისმა უწყებამ - მერიამ თავი კორუფციული სისტემით დაგვამახსოვრა, აწინაურებენ და ეკონომიკის მინისტრი ხდება. ცალსახაა, რომ დღევანდელი გადაადგილებები ქვეყნის მოთხოვნებს არ პასუხობს. ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან საზოგადოების მეტი ზეწოლაა, რათა მთავრობა გადადგეს და ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს", - განაცხადა სერგო რატიანმა. მისივე თქმით, პრემიერისვე განცხადებით ცხადი გახდა, რომ საგარეო საქმეთა უკვე ყოფილი მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის ბედი საინტერესო არაა.

მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს გამოეხმაურა პეტრე ცისკარიშვილიც. დეპუტატის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობაში, მინისტრების სახელისა და გვარის ცვლილებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. "სამწუხაროდ, ვერც ერთი ახალი მინისტრი ვერ იქნება წარმატებული, რადგან ამ ხელისუფლებას ფუნდამენტშივე არასწორი მიდგომები და ღირებულებები აქვს არჩეული ქვეყნის სამართავად. ამ პირობებში უკეთესი მინისტრები არ არსებობენ. ჩემი აზრით, თამარ ბერუჩაშვილი რუსეთთან სასიყვარულო ურთიერთობების დღის წესრიგს ბოლომდე ვერ ასრულებდა, სწორედ ამიტომ ჩაანაცვლეს უფრო ლოიალური კადრით", - აღნიშნა პეტრე ცისკარიშვილმა.