მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ლარის სტაბილიზაციის მიდამო 2.15-2.0 ლარის ფარგლებში უნდა იყოს

საზოგადოება "2030"-ის წევრი მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციის მიდამო 2.10-ის, 2.15-ის 2 ლარის ფარგლებში უნდა იყოს ,- ამის შესახებ საზოგადოება "2030"-ის წევრმა მიხეილ დუნდუამ დღეს გამართულ პრესკონფენეციაზე განაცხადა.

"თუ რეფინანსირებასთან დაკავშირებით პრობლემები გადაწყდა, მოგვარდა და შეწყდა ის ობსტრუქცია, რომელიც მიმდინარეობს, ლარის კურსის სტაბილიზაციის მიდამო 2.10-ის, 2.15-ის 2 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, თუმცა ძნელია ამ დიაპაზონის დაფიქსირება, რადგან ფინანსური სტაბილურობის ანგარიში არ გვაქვს. ის სამუშაოები, რომელიც უნდა ჩაეტარებინა, ის სტატისტიკა, რომელიც უნდა გამოექვეყნებინა, საიდანაც აზრს გამოვიტანდით და ვიმსჯელებდით, ეს მონაცემები ეროვნულ ბანკს შექმნილი არ აქვს. სწორედ ამიტომაც ასეთ დიაპაზონზე შეგვიძლია ახლა ვიმსჯელოთ, მაგრამ ნამდვილად არ შეიძლება და რა უნდა იყოს იმ ნიშნულზე, რომელიც დღეს არის. ეს არ არის ეკონომიკიდან გამოწვეული გაუარესება. ეკონომიკა უმჯობესდებოდეს იმ თვალსაზრისით, რასაც სავალუტო შემოდინებები ჰქვია, ვგულისხმობ მიმდინარე ანგარიშის ბალანსს, რომელიც გაუმჯობესებულია და ამ დროს ლარის კურსი უარესდებოდეს, ნიშნავს, რომ ეს არის ეროვნული ბანკის დაგვიანებული მოქმედების, მისი უმოქმედობის, ნაკლები ანგარიშვალდებულების, ამ საკითხის მიმართ ნაკლები პასუხისმგებლობით მოკიდების შედეგი", - განაცხადა დუნდუამ.

მიხეილ დუნდუა მიიჩნევს, რომ უნდა გამოქვეყნდეს ფინანსური სტაბილურობის ანგარიში, შეიქმნას შესაბამისი კომიტეტი თუ განყოფილება, რომელიც წარმოადგენს დებულებას, ჩაატარებს სხდომას და გამოიტანს გადაწყვეტილებას. კითვაზე - ხედავს თუ არა ის ბიუჯეტის კორექტირების საჭიროებას, საზოგადოება "2030"-ის წევრის განცხადებით, ლარზე ბიუჯეტის მხრიდან ზეწოლა არ არის.  მისივე თქმით, სავალუტო ფონდმა კორექტირებული ვარიანტი მოიწონა, სწორი უწოდა, რომ სოციალური და მიმდინარე ხარჯები არ შემცირდა და ეს პროცესი პოზიტიურად შეაფასა.  "როცა შეგვიძლია რეფინანსირების მაჩვენებლის შემცირება და ამ დროს ბიუჯეტით უნდა მოვახდინოთ ამ ყველაფრის კომპენსირება, ეს ნიშნავს, რომ ამის კომპენსირება ხალხის ხარჯზე უნდა მოვახდინოთ, რაც არასწორია. ეს მოქალაქეთა ხარჯზე არ უნდა ხორციელდებოდეს. ვინც უფრო ძლიერია, მათთან მიმართებაში უნდა განხორციელდეს მთელი ეს პროცესები. თუ ბანკებს ლიკვიდურობის პრობლემა აქვთ, კარგად ჩამოაყალიბონ გეგმა, კარგად გათვალონ, მოიზიდონ თანხები ანაბრებიდან, დროებით შეეგუონ იმ ფაქტს, რომ შეიძლება მოგება მაქსიმალურ მაჩვენებლამდე არ მივიდეს. როცა რეფინანსირების მიწოდებით საბანკო სექტორს ყველა პრობლემას ვუწყვეტთ, არანაირ სურვილს არ ვუჩენთ, რომ დოლარი გაყიდონ და ლარი იყიდონ, როცა ნაკადების 70% ურთიერთშორის გასესხებაზე მოდის, რაც ადასტურებს, რომ ლარზე მოთხოვნა მაღალია და ამ დროს ბიუჯეტისკენ ვიშვერთ ხელს და მის შემცირებისკენ მივუთითებთ, რომ მოქალაქეები დაზარალდნენ, ეს არასწორი მიდგომაა", - განაცხადა დუნდუამ.