საქართველო ”ფაბქანთრი” გახდება

ქვეყნის მასშტაბით სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნა იგეგმება. გარდა ამისა, თბილისში, ოქროყანაში ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დასრულდება, სადაც კრეატიულ ადამიანებს თავმოყრა და ერთობლივი მუშაობა შეეძლებათ. რა მიზანს ემსახურება ”ფაბლაბების” შექმნა, როდის მოეწყობა ტექნოლოგიური პარკი, როგორ მიმდინარეობს საქართველოსში ინტერნეტ ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტი და კიდევ რა გეგმები აქვს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს? - ამ და სხვა საკითხებშზე bpn.ge-ს სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ქაშიბაძე ესაუბრა.

- ცოტა ხნის წინ აშშ-ში იმყოფებოდით, სადაც ბოსტონში ერთ-ერთ შეხვედრაზე პანელზე სიტყვით გამოხვედით. როგორც ცნობილია, საქართველო ე.წ. ფაბქანთრი გახდება, ანუ მოხდება ფაბლაბების (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები) განვითარდება. უფრო დეტალურად რომ გვესაუბროთ, რა მიზანს ემსაურება მათი შექმნა და რაში დაეხმარება ქვეყანას?

- ბოსტონში გაიმართა კონფერენცია ”ფაბ 11”. ზოგადად, დღეს მსოფლიოში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს. ეს გამოწვეულია ისეთი ტექნოლოგიების განვითარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ იმას, რომ ლაბორატორიულ სივრცეში მოხდეს, ფაქტობრივად, ყველანაირი ტიპის პროტოტიპირება და მცირე რაოდენობით პროდუქციის დამზადება. ეს შეიძლება იყოს კონკრეტულ მომხმარებელზე გათვლილი კასტომიზირებული პროდუქცია, რომლის გამოშვებისთვისაც მანამდე ქარხნის აშენება იყო საჭირო. თუ ადრე კონკრეტული მახასიათებელებითა და დიზაინით ერთი მანქანის გამოსაშვებად ქარხნის გაკეთება იყო საჭირო, დღესდღეობით სხვადასხვა ტიპის დანადგარების ერთობლიობით შესაძლებელია, ცალობით განსახვევებული ტიპისა და მონაცემების პროდუქციის გამოშვება. ამას უზრუნველყოფს იგივე 3D ბეჭდვის, ასევე ზოგადად, მოდელირების, ციფრული ტექნოლოგიებისა და ასევე სხვა ტიპის დანადგარების განვითარება, რომელთა ღირებულებაც შემცირდა და ასევე მომხმარებლებისთვის მათი ფუნქციური და გამოყენების შესაძლებლობა უფრო გამარტივდა. თებერვალში, ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე, პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, ე.წ. ფაბლაბი გავხსენით. ის აღჭურვილია ზუსტად იმ აპარატურული ციკლით, რომლის ანალოგებიც არის მასაჩუსეტის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში - MIT-ში. საქართველოში ილიაუნის ბაზაზე შექმნილი ლაბორატორია უზრუნველყოფს იმას, რომ იქ შესაძლებელია სხვადსახვა ტიპის მცირე პროდუქტების დამზადება, პროტოტიპირება, ასევე ახალი იდეების ვირტუალურიდან ფიზიკურ საგნებად გადაქცევა და ა.შ.

- როგორც ცნობილია, გარდა ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულისა, საქართველოში მოქმედებს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტისა და ”ჯიპას” ბაზაზე შექმნილი კიდევ 2 ლაბორატორია. თუ გაგრძელდება ეს პროცესი და რა მნიშვნელობა აქვს მსგავსი ტიპის ლაბორატორიების შექმნას სტუდენტებისთვის?

- ჩვენ ამიერკავკასიაში ვართ პირველი ქვეყანა, რომელიც ამ ”ფაბლაბების” რუკაზე გაჩნდა. წლის ბოლომდე საქართველოში 8 სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის შექმნა იგეგმება, რომელიც კონკრეტულ სტანდარტიზირებულ აპარატურულ ციკლს მოიცავს, მათ შორის, რეგიონებში - ბათუმში, ქუთაისსა და გორში. დანარჩენი ხუთი კი თბილისში იქნება განთავსებული ტექნიკური უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის ბაზებზე. გარდა ამისა, მოწინავე და უფრო მძლავრი დანადგარების ციკლის მქონე ლაბორატორია შეიქმნება ტექნოპარკის ბაზაზე. ჩვენ გვქონდა კონკურსი ”ბიზნესმარათონი”, რომლის განმავლობაშიც ”ფაბლაბის” გამოყენებით უნდა დაემზადებინათ სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, ანუ თავისი იდეების რეალიზება მოეხდინათ. 20-მა გუნდმა სცადა ბედი, ჰქონდათ გარკვეული იდეები, მათ დაამზადეს ისეთი პროდუქცია, რომლის გაყიდვაშიც დავეხმარეთ. სპეციალური სტენდები გაკეთდა ”თბილისი მოლში”. ეს ღონისძიება მაისში ჩატარდა და დღესდღეობით იმ 20 გუნდიდან 10 ბიზნესაქმიანობას აგრძელებს. შესაბამისად, ისინი კონკრეტულ კომერციულ კომპანიებად ჩამოყალიბდნენ, აქვთ ყოველთვიური შემოსავალი 400-დან 1600 ლარამდე. ასე რომ ამ ლაბორატორიების მეშვეობით შესაძლებელია მცირე ბიზნესის დაწყება შემოქმედებითი, სახლის დეკორის, ავეჯის მიმართულებით და ა.შ. იდენტური პროცესი მიმდინარეობს ბარსელონაში, რომლის მიზანია, რომ ქალაქისთვის საჭირო პროდუქცია და პროცესები ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტზე და მათი უმეტესობა მსგავსი ლაბორატორიების მეშვეობით ქალაქშივე კეთდებოდეს. ეს კონცეფცია განხორციელებული იქნება ასევე ბოსტონში, კემბრიჯში, შენჟენსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში. ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ქალაქის მდგრადობა იზრდება და იქმნება შესაძლებლობა, რომ ქალაქისთვის საჭირო ყველა პროდუქტი ადგილზევე დამზადდეს. მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში, თბილისში უმარავი პატარა მინი სახელოსნო არსებობდა, სადაც გარკვეული პროდუქცია მზადდებოდა. ეს არ იყო დიდი ქარხნები, ეს იყო ინდივიდების მიერ კონკრეტული საქმიანობა. ვფიქრობთ, რომ მსგავსი ლაბორატორიების მეშვეობით უამრავი ასეთი მცირე მეწარმე და ბიზნესი გაჩნდება, ანუ მათ შეეძლებათ უფრო მარტივად ბიზნესის დაწყება.

- უფრო კონკრეტულად მსგავსი ლაბორატორიების მეშვეობით რა ტიპის პროდუქტების დამზადებაზეა საუბარი?

- ამჟამად, სულ 4 ლაბორატორია მუშაობას, საიდანაც ერთი ”ფაბლაბია” - სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია. დანარჩენი კი გამოყენებითი საგანმანათლებლო პროცესების წარმოებისა და ”სტარტაპების” შექმნისთვის განკუთვნილი ლაბორატორიებია: ”ჯეოლაბი”, ”გეიმლაბი” და კომპიუტერული გრაფიკისა და ვიზუალური ეფექტების ლაბორატორია. ყველა მათგანი მიმართულია იქეთკენ, რომ სასწავლო პროცესში სტუდენტმა მოახდინონ ურთიერთქმედება ბიზნესთან. ყველა ამ ლაბორატორიის პარტნიორი ბიზნესსექტორია. ისინი აძლევენ მათ ამოცანებს, ჩართული ჰყავთ გარკვეული პროექტების განხორციელებაში, ერთობლივად მუშაობენ შეკვეთებზე და ასევე მიმდინარეობს გამოყენებითი პროგრამირების, კომპიუტერული თამაშების შექმნის, სწავლების პროცესი, სადაც უკვე არა თეორიას, არამედ პრაქტიკას სწავლობენ.

- არის თუ არა სტუდენტების მხრიდან დაინტერესება და რამდენად აქტიურად არიან ისინი ჩართულები ამ პროცესში?

- ახალი კურსი გაიხსნა ”ჯეოლაბში”, სადაც 100-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა. სამი თვის კურსდამთავრებულები უკვე საკუთარ თამაშებს და აპლიკაციებს აკეთებენ. ძალიან დიდია დაინტერესება ბიზნესის მხრიდან, რომ მსგავსი ლაბორატორიები გაიხსნას. ჩვენ დამატებით 3 ლაბორატორიის შექმნაზე მემორანდუმი უკვე გავაფორმეთ. დიდია ინტერესი მობილური ოპერატორებისგან, ბანკებისგან. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ბევრი ასეთი ადგილი გაჩნდება, სადაც ბიზნესი უნივერსიტეტთან და სპეციალისტებთან ერთად, იმუშავებს ახალი ინოვაციური პროექტების - ”სტარტაპების” შექმნაზე.

- ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო მაღალსიჩქარიან ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის წინა მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ასევე ცნობილია ისიც, აღნიშნული პროექტი ფონდ "ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. რა ეტაპზეა სამუშაოები და ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, როგორ შეირჩევა ის კომპანია, რომელიც ინტერნეტს კონკრეტულ მომხმარებელს მიაწოდებს?

- იქმნება ღია დაშვების ინფრასტრუქტურა. მისი ანალოგები შექმნილია წამყვან ევროპულ ქვეყნებში, აშშ-ში, აზიაში, მათ შორის, მთავრობის მონაწილეობით. ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია ლიტვა, სადაც იდენტურმა პროექტმა გამოიწვია ის, რომ დღეს ამ ქვეყანაში მომხმარებელს მიეწოდება მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ შეერთება ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ფასად ევროპაში. საბოლოო ჯამში, ეს ინფრასტრუქტურა, რომელიც შეიქმნება, მოგვცემს საშუალებას, რომ გაჩნდნენ ახალი ოპერატორები, გაიზარდოს კონკურენცია და აღარ იქნება ის, რომ თუ ვინმეს გარკვეულ სოფელსა და ქალაქში შესვლა უნდა, რაღაც პროცესებმა შეუშალოს ხელი. ეს იქნება მაქსიმალურად გამარტივებული და ხელმისაწვდომი პროცესი.

ჩვენთან მოსული იყო ადამიანი, რომელიც პენსიაზე გადის. მას აქვს დაგროვილი გარკვეული რესურსები, წაიკითხა, რომ მსგავსი პროექტი ხორციელდება და გადაწყვიტა მცირე ინტერნეტპროვაიდერი გახდეს. პირველადი ინვესტიცია არც ისე მაღალია და საკმაოდ მომგებიან, საინტერესო ბაზარზე გავა. ჩვენ მას კონსულტაცია გავუწიეთ. მომავალში კი, არაკომერციული ორგანიზაცია ”ოუფენ ნეტი”, რომელიც შეიქმნა ჩვენი სააგენტოს ბაზაზე, უფრო მეტად ჩაერთვება პროცესში, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ინტერნნეტბიზნესის განვითარებას და ასევე მსხვილი მოთამაშეების მონაწილეობას ინტერნეტიზაციის პროცესში.

- კონკრეტულად რომელ რეგიონებში მოეწყობა ეს ინფრასტრუქტურა?

- საუბარია, მთლიანად საქართველოს დაფარვაზე. მიმდინარეობს ამ ინფრსატრუქტურის ტოპოლოგიისა და არქიტექტურის ფორმირებაზე მუშაობის დაიწყება. პროექტის ფარგლებში მოხდება ინფრასტრუქტურის იმგვარად დაგეგმვა, რომ რაც შეიძლება მეტი დასახლებული პუნქტი მოვიცვათ. ყველა შემთხევაში, ინტერნეტ ქსელის ის დაბოლოებები, რომელიც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება, ძალიან გაამარტივებს ისეთი მცირე სოფლების მოცვას, სადაც მხოლოდ რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

- როდის დამთავრდება ინტერნეტიზაციის პროექტი?

- ეს პროცესი მაქსიმალურად სწრაფად მიმდინარეობს. ”ოუფენ ნეტი” ივლისში შეიქმნა და დაწყებულია სამუშაოები ამ პროექტირებასთან დაკავშირებით. ჩვენ ფორსირებულ რეჟიმში ვმუშაობთ. გათვლები გვაქვს სამ წელიწადზე, თუმცა საბოლოო ჯამში, უფრო ზუსტი ვადები პროექტირების შემდეგ გამოჩნდება.

- ფონდ ”ქართუს” მონაწილეობას რომ დავუბრუნდეთ, რატომ გამოთქვა სურვილი, რომ ამ პროექტში ჩართულიყო?

- ეს არის გრანტის ფორმატი და ამაში არ არის არანაირი ფინანსური დაინტერესება. სხვა ქვეყნების მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის პროექტი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს. ქვეყანაში, სადაც 10%-ით იზრდება მაღალისიჩქარიანი ინტერნეტშეერთება და ასეთია EBRD-ის მონაცემები, დაახლოებით, 1.2%-ით იზრდება მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა. გარდა ამისა, ეს არის ინვესტიცია მომავალში, განათლებაში. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, პროდუქციის ექსპორტს და ა.შ. ამაზე კარგი ინვესტიცია ქვეყანაში ვერ წარმომიდგენია. რეგიონებიდან ხალხი განათლების მისაღებად, დასაქმებისთვის მეტწილად ქალაქში ჩამოდის. ამ პროექტით კი ეს პროცესი შეიცვლება და ჩვენ მივიღებთ რეგიონებში უფრო მეტ დასაქმებულ ადამიანს და უფრო მეტ საშუალებას მივცემთ მოსახელობას, რომ მოწინავე ცოდნა მიიღონ.

- ის კომპანიები, რომლებიც ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ, ინტერნეტს მიაწოდებენ კონკრეტულ მომხმარებელს, როგორ განსაზღვრავენ ფასს?

- ”ოუფენ ნეტი” ღია, არადისკრიმინაციული პირობებით, ერთიანი ფასთწარმოქმნით მიაწვდის მათ ინტერნეტს, დანარჩენი უკვე კონკურენციის საკითხია და ასევე იმაზეა დამოკიდებული, კიდევ რა სერვისს შესთავაზებს ოპერატორი მომხმარებელს. მან შესაძლოა, მიაწოდოს მხოლოდ ინტერნეტი, ან კიდევ დამატებით სხვა სერვისები, მათ შორის, ისეთი ბიზნესერვისები, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი ხდება მცირე კომპანიებისთვის.

- პროექტის - "ფართოზოლოვანი ინტერნეტი ყველა მოქალაქის” განხორციელება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გააკრტიკა. IDFI-ის წარმომადგელების უკმაყოფილება განპირობებულია იმით, რომ პროექტს სახელმწიფო კომპანია ”ოუფენ ნეტი” ახორციელებს და არ მოხდა კერძო კომპანიების ჩართავა, ასევე არ განხორციელებულა ბაზრის შესწავლა და პროცესი გაუმჭვირვალედ მიმდინარეობს. ორგანიზაციამ რამდენიმე რეკომენდაციაც მოგცათ, მათ შორის, ის, რომ შეიქმნას კომისია და წარმოდგენილი იყოს გრძელვადიანი სტრატეგია. რას უპასუხებდით მათ კრიტიკას?

- ჩვენ შევხვდვით IDFI-ის, ავუხსენით პროექტის მიმდინარეობა, მოვუყვანეთ ის წარმატებული მაგალითები, მათ შორის, შვედეთის, ლიტვის, ისრაელის, სადაც მსგავსი პროექტები მთავრობამ განახორციელა. აღნიშნულ ქვეყნებში ამ პროექტებმა გამოწივიეს ინტერნეტის იმდენად დიდი განვითარება, რომ მაგალითად შვედეთში, სტოკჰოლმში ასეთი პროექტის შემდეგ ქალაქში 112 ოპერატორი გაჩნდა. მსგავსი ვითარებაა ლიტვაში. ისრაელში როცა ნახეს, რომ ბაზარზე კონკურენცია არ ვითარდებოდა, მსგავსი ტიპის ღია დაშვების ინფრასტრუქტურული ოპერატორი შეიქმნა. ჩვენ IDFI-ის მივაწოდეთ ინფორმაცია. ვფიქრობთ, რომ ისინი კმაყოფილი დარჩნენ.

- ოქროყანაში, 18 ათას კვადრატულ მეტრზე, ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა დაიწყო. რა ეტაპზეა მშენებლობა და დასრულების შემდეგ რა ფუნქცია ექნებას მას?

- ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ქვეყანაში პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტექნოლოგიური პარკის მშენებლობა წლის ბოლომდე დასრულდება და მოეწყობა ლაბორატორიული ნაწილი. მთავარია იმ კონკრეტული წერტილის ფორმირება, სადაც ინოვატორებს, ინჟინრებს, კრეატიულ ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ ერთობლივად იმუშაონ დამწყები კომპანიების ”სტარტაპების” შექმნაზე, რომლებიც თავის მხრივ საერთაშორისო ბაზრებზე გავლენ. ჩვენ ვუზრუნველვყოფთ იქ ისეთი კომპანიების თავმოყრას, რომლებიც დახმარებას გაუწევენ დამწყებ კომპანიებს იდეიდან კონკრეტულ პროდუქტებამდე და ბაზრებზე გასავლელად. ამჟამად ამ პროცესს ”სტარტაპები” თავად ახორციელებენ. ერთ-ერთი ქართული ”სტარტაპი” მიწვეული იყო აშშ-ში, სადაც გარკვეული დაფინანსება მიიღეს. სამი ქართული ”სტარტაპი” ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით დღესდღეობით დუბაიდან დაფინანსდა. მსგავსი შემთხვევები არის ესტონეთიდანაც. ტექნოლოგიური პარკი იქნება სისტემატიზირებული ადგილი, სადაც ინოვაციური საქმიანობის განხორციელება იქნება შესაძლებელი. იქ მოეწყობა სივრცეები, სადაც ადამიანს შეეძლება, დაჯდეს, იმუშაოს და თავისი საწყისი იდეები კონკრეტულ ბიზნესად აქციოს.

- გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, კიდევ რა სამომავლო გეგმები აქვს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, რა პროექტების განხორციელება იგეგმება?

- ამჟამად მიმდინარეობს საზოგადოებრივი ინოვაციების ცენტრების საპილოტე პროექტების განხორციელება ჭოპორტში, ხარაგაულში, ოზურგეთში, გორში. ასევე დიდი ინტერესია თერჯოლიდან, ხონიდან, ბაღდათიდან. მომავალ წელს ზუგდიდში, კახეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში შეიქმნება უკვე ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება, რომ მოწინავე ცოდნა მიიღონ, განახორციელონ საკუთარი პროექტების შექმნა, მიიღონ დისტანციური განათლება და ა.შ. გარდა ამისა, ჩვენ ვთანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე ასევე იგეგმება სამრწეველო ინოვაციების ლაბორატორიების,”ფაბლაბების” შექმნა. ამასთან, ჩვენ პროგრამისტების რაოდენობას ვზრდით. ახლახანს, ოზურგეთში პროგრამისტებისთვის ტრეინინგი ჩატარდა. აღმოჩნდა, რომ ოზურგეთში უკვე იღებენ შეკვეთებს უცხოეთიდან. შესაბამისად, ჩვენს სამომავლო გეგმებში შედის მასშტაბების ზრდა, ორიენტაცია რეგიონების და ქვეყნის მასშტაბით მეტი ადამინისთვის პერსპექტიული, მომავლის პროფესიის სწავლება.

ნათია რუხაძე