ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა

ივლისში ვადაგადაცილებული სესხები 23.1 მლნ ლარით გაიზარდა და 343.8 მლნ ლარს გაუტოლდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ივლისის "თვის მიმოხილვაში".

სებ-ის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 88.7 მლნ ლარით (1.7 პროცენტით) გაიზარდა და 5.31 მლრდ ლარს გაუტოლდა. ზრდის დიდი წილი გრძელვადიან სესხებზე მოდის. უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ივლისში 28.1 მლნ აშშ დოლარით (0.7 პროცენტით) გაიზარდა და პერიოდის ბოლოს 4.24 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 63.4 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 83.9 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას ეკავა. მიმოხილვის თანახმად, უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად იურიდიული პირების გრძელვადიანი დაკრედიტების ზრდით იყო გამოწვეული.

რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, ივლისის თვეში, ის 23.1 მლნ ლარით გაიზარდა და 343.8 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 2.3 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 39.4 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 63.6 %-ს გაუტოლდა.