თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის განახლებაზე საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციები დასრულებულია

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე საკონკურსო წინადადებების პრეზენტაციები დასრულებულია.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, საბოლოო შეკითხვები მეორე ეტაპზე გადასულ მონაწილეებს უკვე გადაეგზავნა. მათივე ცნობით, ქალაქ თბილისის მერიაში პროცესის მნიშვნელობის შესახებ მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის მოადგილემ, ოთარ ნემსაძემ და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-ის წარმომადგენელმა, რაჰულ გუფთამ ისაუბრეს.

როგორც ოთარ ნემსაძემ განაცხადა, კონკურსი სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, სრულყოფილი დოკუმენტი 18 თვიან ვადაში იქნება წარმოდგენილი.  თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურმა მოქმედი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ანალიზი 2015 წლის იანვარში დაასრულა, რის შედეგადაც შეიქმნა გადაუდებელი აუცილებლობა მომხდარიყო ქალაქის ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების ახალ გამოწვევებსა და პრიორიტეტებზე ორიენტირებული გენგეგმის შემუშავება.

გენგეგმის განახლების პროცესში ჩართულია საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC (PricewaterhouseCoopers), რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 1000 დარგობრივი სპეციალისტით არის წარმოდგენილი და 20 ქალაქის, მათ შორის, ლიონის, ნიუ ორლეანის და რიჰარდის გენერალური გეგმების შემუშავებაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ამასთან, ამ დროისთვის PWC ბერლინის ქალაქგეგმარების პროექტზე მუშაობს.  PWC-სთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანია ახდენს საკონკურსო დოკუმენტაციის ექსპერტიზას, მონაწილეობას იღებს საკონკურსო კომისიის სხდომებში, პრეზენტაციების მოსმენის, მონაწილეებისათვის დამაზუსტებელი შეკითხვების მომზადებისა და მათი პასუხების შემდგომი გაანალიზების პროცესში, ამასთან, გეგმარებითი დავალების შემუშავებასა და გამარჯვებულთან გასაფორმებელი ხელშკერულების მომზადებაში. PWC -ის აღნიშნული მომსახურების საფასური შეადგენს 400 000 ამერიკულ დოლარს.

კონკურსის შეფასების პირველი ეტაპი დასრულდა, რის შედეგადაც საკონკურსო პირობების არასრულყოფილად შესრულების გამო მას გამოეთიშა 5 მონაწილე. დარჩენილი 6 კონკურსანტის პრეზენტაციების მოსმენა შედგა 26–27 აგვისტოს და მათ უკვე გადაეგზავნათ დამაზუსტებელი შეკითხვები.