ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს ვადა დღეს გაუვიდა

ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებულ შეღავათებს ვადა დღეს გაუვიდა. შეღავათები ითვალისწინებდა განბაჟებისთვის განსაზღვრული დღეების გაზრდას და განუბაჟებლობის შემთხვევაში დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას. კერძოდ: საქართველოში 1 აპრილამდე შემოტანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდებოდა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმებისგან, თუ იგი მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოფდა მის გაფორმებას (გააიმპორტებს ან გაიყვანს რეექსპორტზე). გარდა ამისა, საქართველოში ავტომანქანის საფასურის გარეშე ყოფნის 45-დღიანი ვადა გაიზარდა 60 დღემდე. ასევე გაუქმდა დაჯარიმება ამ ვადიდან 90 დღემდე გამოუცხადებლობაზე.

შესაბამისად, როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, იმ ავტომობილებზე, რომელიც 1 აპრილამდე შემოვიდა ქვეყანაში და არ განბაჟებულა 1 სექტემბრამდე, ჯარიმები განახლდება. ეს ჯარიმები თითოეულ ავტომობილზე ინდივიდუალურია დღეების რაოდენობიდან გამომდინარე.  როგორც შემოსავლების სამსახურში განაცხადეს, ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით ავტოიმპორტიორებს მოთხოვნა არ ჰქონიათ.  "ყველა ის მოთხოვნა, რაც მოდიოდა ავტოიმპორტიორებისგან, თითქმის დაკმაყოფილდა და შეჯერდა. ეს ინიციატივები რაც ვადებს ეხებოდა მათთან ერთად იყო გავლილი. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით მათთან და მათთვის ცნობილი იყო, რომ 1 სექტემბრამდე ჰქონდათ ვადა. არც ერთ კომპანიას, არც ერთ ფიზიკურ პირს არ მოუმართავს შემოსავლების სამსახურისთვის ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით", - განაცხადეს შემოსავლების სამსახურში.

აღნიშნული შეღავათების დაწესების მიზეზი საავტომობილო ბიზნესში შექმნილი პრობლემები იყო, რაც ძირითად შემთხვევაში უკავშირდებოდა აზერბაიჯანის მხრიდან ევრო5-ის სტანდარტის დაწესებას, რაც ქვეყანაში 2004-წლამდე ავტომობილის შეყვანას კრძალავს.