დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო

შპს "უძრავი ქონება-თბილისმა" დედაქალაქის მასშტაბით არსებულ 25 მიწისქვეშა გადასასვლელში სარემონტო სამუშაოები დაიწყო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში განხორციელდა გადასასვლელების ტექნიკური დათვალიერება და აზომვა, რის შემდეგაც აღირიცხა გადასასვლელებში დაზიანებული პარაპეტები, კიბის საფეხურები, კედლები, ჭერი, ცხაურები, სანათები. "სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მათი დასრულების შემდეგ იგეგმება აღნიშნული მიწისქვეშა გადასასვლელების სრულად განათება. ასევე დაგეგმილია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის აღჭურვა ჩასასვლელის მაჩვენებელი ფირნიშებით. მიწისქვეშა გადასასვლელებში არსებულ ვიდეოკამერებს გაუკეთდებათ ლითონის დამცავი ყუთები. შპს "უძრავი ქონება-თბილისი" ბოდიშს უხდის ყველა მოქალაქეს მიწისქვეშა გადასასვლელებში შექმნილი შეფერხებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.