Moody's-ის ანალიტიკოსი: სებ-ი ეფექტიანი ზედამხედველია, რომელიც წარმატებით გაუმკლავდა შოკებს

ავტორიტეტული საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ი ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ეფექტიანი ზედამხედველია , რომელიც ბოლო წლების განმავლობაში წარმატებით გაუმკლავდა შოკებს და უზრუნველყო ფინანსური სტაბილურობა.

Moody's Banking Group-ის ანალიტიკოსმა ალექსიოს ფილიპიდესმა გამოცემა The FINANCIAL-ს განუცხადა, რომ სებ-ი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაც შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სტანდარტების საბანკო ზედამხედველი. "ჩვენს თვალში საქართველოს ეროვნული ბანკი არის ეფექტიანი ზედამხედველი, რომელმაც მოახერხა ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება (საერთაშორისო დონორებისა და ინსტიტუტების დახმარებით) გასული წლების ისეთი მნიშვნელოვანი შოკების დროს, როგორებიც იყო, 2008 წლის საქართველო-რუსეთის კონფლიქტი და შემდგომი გლობალური ფინანსური კრიზისი. მეტიც, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, 2014 წელს გამოქვეყნებულ საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილურობის შეფასებაში, დადებითად შეაფასა სებ-ის საბანკო რეგულაციების და ზედამხედველობის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯები, რომელთა შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან ძალიან მაღალია", - განუცხადა ფილიპიდესმა The FINANCIAL-ს, რომელიც საქართველოში გამოდის.