რა უშლის ხელს კოოპერატივების შექმნას საქართველოში

საქართველოში სოფლის მეურნეობა წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული, რის შედეგსაც ყველანი თვალნათლივ ვხედავთ:

დაცარიელებული სოფლები, უპატრონოდ მიტოვებული ნასახლარები და ხალხი, რომელიც უცხო ქვეყნებში საარსებო წყაროსთვის არის გადახვეწილი... ბუნებრივია, ამ პირობებში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგად უნდა გამოცხადებულიყო და ასეც მოხდა: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2013 წლის 12 ივლისს, საკანონმდებლო ორგანომ "სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების შესახებ" კანონი მიიღო. შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო", რომელიც კოოპერატივებისთვის სტატუსის მინიჭებას, შეწყვეტას, მონიტორინგსა და სახელმწიფო პროგრამების განხორციელებას უზრუნველყოფს. სააგენტომ თავდაპირველად საინფორმაციო და საკონსულტაციო სამუშაოები ჩაატარა რეგიონებში, მერე კი, კოოპერატივების შექმნაც დაიწყო. ამ საქმეში ჩვენი ევროპელი პარტნიორებიც ჩაერთნენ, რადგან საქართველოში ფერმერული მეურნეობებისა და კოოპერატივების განვითარება, ევროკავშირის ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ამოქმედდა ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (ENPARD) რომლის ფარგლებშიც საქართველო 2013-2016 წლებში 40 მილიონ ევროს მიიღებს. მიუხედავად ამისა, ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ კრიტიკული განწყობა შეინიშნება: ბევრი ფიქრობს, რომ ქართულ სოფელს ყურადღება ისევ აკლია, რომ ჩვენებური გლეხი ისევ ღარიბ-ღატაკია და მხოლოდ კოოპერატივების შექმნით სიტუაცია ვერ გამოსწორდება. ბპნ ესაუბრა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძეს, რომელიც ფიქრობს, რომ ყინული უკვე დაიძრა და ახლა მთავარი გლეხების მონდომება და მიზანსწრაფულობაა.

გიორგი მიშელაძე: "შესაძლოა ზოგიერთები გვაკრიტიკებენ, მაგრამ მათ საყურადღებოდ უნდა ვთქვა, რომ აგრარული სექტორი არ არის ის სექტორი, სადაც პროდუქციას შეიძენ, ერთ-ორ დღეში გაყიდი და სასურველ შედეგს უცბად მიიღებ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმე გვაქვს დარგთან, სადაც შედეგის მიღწევა ერთ ან ორ თვეში არ ხდება. ნერგს რომ დარგავ, წლობით უნდა ელოდო, რომ ნაყოფი მოგცეს - ასევეა სოფლის მეურნეობაც. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის პირველი სტატუსი 2014 წლის მარტში გასცა. შედეგი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, წელიწადსა და 4 თვეში მივიღეთ და იმედი გვაქვს, რომ კოოპერაციის სისტემის დანერგვა მომავალში აუცილებლად გამოიღებს ნაყოფს. ჩვენ არც გვქონია დაგეგმილი, რომ ერთი წლის განმავლობაში ყველაფერს მივაღწევდით. სხვათა შორის, ჩვენი პრიორიტეტი არც რაოდენობაა: გვირჩევნია ძლიერი კოოპერატივები შეიქმნას და შედარებით მცირე რაოდენობით, ვიდრე ბევრი და სუსტი. მიუხედავად ყველაფრისა, დღეისათვის მიღებულმა შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა: ჩვენს ქვეყანაში უკვე 1139 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი მოქმედებს. ამ კოოპერატივებში გაერთიანებულია 7 700-ზე მეტი გლეხკაცი და აღსანიშნავია, რომ არაერთ რეგიონში გლეხები ამ მიმართულებით ძალიან აქტიურობენ", - აღნიშნა ჩვენთან საუბარში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.

გიორგი მიშელაძის თქმით, ყველაზე აქტიური რეგიონი სამცხე-ჯავახეთია, მას მოსდევს ქვემო ქართლი და აჭარა, ამის შემდგომ მოდის სხვა რეგიონები, ყველაზე მისასალმებელი კი ის არის, რომ კოოპერატივები საზღვრისპირა სოფლებშიც იქმნება: "ძალიან კარგი კოოპერატივი გვაქვს შიდა ქართლში, რომელსაც "ნიქოზი" ჰქვია და კონფლიქტის ზონასთან იმდენად ახლოს მდებარეობს, რომ იქიდან ცხინვალიც კი მოჩანს. სხვა სოფლებშიც გვაქვს კოოპერატივები, მაგრამ სამწუხაროდ, ისინი ჯერ არ არიან ისე ძლიერები. საკმაოდ აქტიურობს წალკის რაიონი, სადაც უკვე მეორე დონის კოოპერატივიც შეიქმნა~.

გიორგი მიშელაძის თქმით, კოოპერირების პროცესს ძალიან უშლის ხელს ჩვენი გლეხობის მენტალობა.

"მენტალობა მთელ მსოფლიოში კოოპერაციის დამაბრკოლებელი ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ეს არ არის მარტო ქართული ფენომენი. ფერმერს ურჩევნია ცოტა ჰქონდეს და თავისთვის იყოს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს შეხედულება დროთა განმავლობაში აღმოიფხვრება, რასაც ხელს შეუწყობს ფინანსური დახმარება სახელმწიფოს მხრიდან და ის უპირატესობა, რომელიც კოოპერატივს აქვს~, - განაცხადა გიორგი მიშელაძემ.

გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რას ფიქრობენ ფერმერები კოოპერირების სისტემაზე და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელს, ნინო ზამბახიძეს დავუკავშირდით. მისი შეფასებით, ეს იყო გამოსაცდელი, საპილოტე პერიოდი და რადგან ჩვენში ინდივიდუალიზმი უფროა განვითარებული, ვიდრე ერთიანობის სურვილი, პროცესი თანდათან, მაგრამ მაინც მიმდინარეობს.

"სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში გლეხები თავიანთ საქმეს არ მიიჩნევენ ბიზნესად და მუდმივი შემოსავლის წყაროდ. ჩვენ ასოციაციაში ძალიან ბევრი კოოპერატივის წევრი გვყავს, ასევე არიან ინდივიდუალური ფერმერებიც, თუმცა ისეთი ფერმერებიც არიან, რომლებიც არ აპირებენ კოოპერატივში შესვლას. რაც მთავარია, ფერმერებს უკვე გაცნობიერებული აქვთ, რამხელა ძალა აქვთ მათ ერთად, ამიტომ არ მინდა ამ საკითხზე უიმედო განწყობით გესაუბროთ: რაც უფრო მეტ ადამიანს გაუჩნდება სურვილი, რომ რაღაც შეცვალოს, მეტი შემოსავალი ჰქონდეს და უკეთესად იცხოვროს, ეს უკეთესი იქნება და იქნებ, ჩვენს სოფლის მეურნეობასაც რაიმე ეშველოს. ერთი წელია, რაც ეს პროცესი დაიწყო და შედეგზე ჯერ შეგნებულად არ ვისაუბრებ. რაც მთავარია, ტრენდი არის დადებითი, დანარჩენს კი, უახლოესი წლები გვაჩვენებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კოოპერატივების განვითარების პროექტი ევროკავშირთან ერთად მიმდინარეობს", - ამბობს ნინო ზამბახიძე.

ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელის შეფასებით, თუ გვინდა ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა განვითარდეს, კოოპერაცია არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ამ მიზნის მისაღწევად.

"ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში სოფლის მეურნეობა სწორედ კოოპერაციის ხარჯზე განვითარდა. ბუნებრივია, ამ პროცესს ჩვენი მენტალობაც უშლის ხელს, თანაც, კოოპერატივები კომუნისტურ წყობასთან არის გაიგივებული და ჩვენს გლეხებს ხშირად ინფორმაციის ნაკლებობაც აქვთ. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა: ჩემთვის ფერმერებს ძალიან ბევრ რამეზე უთქვამთ, რომ ეს მათ არ გაუგიათ _ იქნება ეს დაზღვევა, იაფი აგროსესხი, თუ სხვა რამ. თუ ადამიანი საფუძვლიანად არ იქნება ინფორმირებული, ის კოოპერატივის წევრი ვერ გახდება. უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა, როგორც დარგი, მიტოვებული იყო, ამიტომ მის აყვავებას ერთ წელიწადში არც უნდა ველოდოთ. როდესაც იარსებებს კარგი მაგალითი, მერე ყველაფერი კარგად წავა. როდესაც რაღაც კარგად მუშაობს, მერე ყველა ცდილობს მისი ანალოგი გააკეთოს: მაგალითად, თუ ვინმე სილამაზის სალონს გახსნის და ის კარგად იმუშავებს, მერე ყველა ხსნის. კარტოფილი ერთ წელს თუ კარგად გაიყიდება, მეორე წელს ყველა კარტოფილს თესავს. ამიტომ თუ ქვეყანაში იარსებებს კოოპერაციის კარგი მოდელი, მაშინ ეს პროცესი ადგილიდან საბოლოოდ დაიძვრება. ამიტომ, ძალიან კარგ მაგალითად მიმაჩნია კოოპერატივი, რომელიც ახლახან დარჩელში გაიხსნა: როდესაც 500 ადამიანი ერთიანდება, ეს იმას ნიშნავს, რომ კოოპერაცია კარგია და ადამიანებს ერთად მუშაობის სურვილი გაუჩნდათ. მით უმეტეს, წარმატებული კოოპერირების სხვა მაგალითებიც ვიცი. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე მთავარი რაოდენობა არ არის, მთავარი კარგი დასაწყისია, მერე კი, ყველაფერი თავისთავად დალაგდება და მოგვარდება".

ხათუნა ჩიგოგიძე