ევროკავშირში საქართველოს ელჩი არ გამორიცხავს, რომ მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე გარკვეული გავლენა მოახდინოს

ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით არსებობს კონკრეტული რეალისტური გეგმა და ამ წლის ბოლომდე უნდა მოხდეს იმ პროგრესის საბოლოო შეფასება, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

ამის შესახებ ნატალი საბანაძემ ჟურნალისტებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", ამბასადორიალის დაწყებამდე განუცხადა.  "თუ ეს შეფასება იქნება დადებითი, ჩვენ ველით, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალ წელს, 2016 წლიდან მიეცეს უვიზო მიმოსვლა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან რთული კონტექსტი - მიგრაციის კრიზისი, რომელმაც რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ევროკავშირი. ამ ფონზე საკმაოდ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ შეიძლება, იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.