რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი

საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი ჰყავს - ამ თანამდებობაზე გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა, თბილისის უკვე ყოფილი ვიცე-მერი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დიმიტრი ქუმსიშვილი წარადგინა.

ქუმსიშვილი საზოგადოებისთვის ახალი სახე არ არის, თუმცა, საინტერესოა, რა ქონებას ფლობს ეკონომიკის ახალი მინისტრი და მისი ოჯახი.

2015 წლის 14 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალი მინისტრის სახელზე რამდენიმე უძრავი ქონება ირიცხება. კერძოდ, იგი თბილისში ოთხ ბინას ფლობს, მათ შორის 24.00, 34.00, 20.00 და 198.00 კვ.მ ფართობის ბინებს. გარდა ამისა, მის სახელზეა გაფორმებული 20.00 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი თამარ მეფის გამზირზე. ეკონომიკის ახალ მინიტრს ეკუთვნის ასევე ლამისყანის ქუჩაზე მდებარე 312.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი და 451.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

დიმიტრი ქუმსიშვილის მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის საკუთრებაშია ასევე თბილისში 55.00 და 58.00 კვ.მ ფართობის ბინები და წყნეთში 603.00 კვ.მ და 604 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთები. მისი ერთ-ერთი შვილის, იოსებ ქუმსიშვილის სახელზე კი ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე 40.00 კვ.მ ფართობის ბინის 50 პროცენტია გაფორმებული.

ახალი მინისტრის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომობილი „მერსედეს ბენცი“, მისი მეუღლის, ნატალია თევდორაშვილის სახელზე კი ავტომანქანა „ჰიუნდაი ტუსონია“.

რაც შეეხება ფულად ქონებას, 14 იანვრის მონაცემებით, ეკონომიკის მინისტრს „ქართუ ბანკში“ რამდენიმე ანგარიში აქვს გახსნილი. მას სახელფასო ანგარიშზე 7 094 ლარი ჰქონდა, დეპოზიტზე ასევე ფიქსირდება 1 000 აშშ დოლარი, „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე კი 3 374 აშშ დოლარი. მინისტრის მეუღლის „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე ანაბრის სახით ფიქსირდება 26 604 დოლარი. დეპოზიტზე მას ასევე ჰქონდა 6 842 ევრო.

დიმიტრი ქუმსიშვილის სახელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესში“ თამასუქის სახით 20 000 აშშ დოლარი ფიქსირდება.

რაც შეეხება სამეწარმეო საქმიანობას, დიმიტრი ქუმსიშვილი შპს „რეშენალ სოლუშენსი“-ს პარტნიორია, საიდანაც 2014 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით შემოსავლის სახით 19 475 ლარი მიიღო. იმავე პერიდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე მუშაობისას კი 86 775 ლარი გამოიმუშავა . თამასუქის შედეგად მიღებულმა სარგებელმა 2 279 ლარი შეადგინა.

დიმიტრი ქუმსიშვილის გასავლები 2014 წლის განმალობაში კი ასე გამოიყურება: ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ნასყიდობისთვის 10 901 ლარი დახარჯა, უძრავი ქონების შესაძენად იპოთეკურის სესხის სახით „ბანკ ქართუში“ 20 000 დოლარი გადაიხადა. ჯიქიას ქუჩაზე ბინის ყიდვისთვის კი 59 000 დოლარი. გარდა ამისა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2014 წელს ირაკლი ქუმსიშვილის სწავლის საფასურისთვის 3 500, ხოლო ნინო ქუმსიშვილის სწავლის საფასურის სახით 4 000 ლარი გადაიხადა.

ეკონომიკის ახალ მინისტრს ჰყავს მეუღლე ნატალია თევდორაშვილი და სამი შვილი - იოსებ, ირაკლი და ნინო ქუმსიშვილები.

თამთა ჯიჯავაძე