"უახლოესი პრიორიტეტია ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება"

უახლოესი პრიორიტეტი გახლავთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილის თქმით, საგარეო უწყება ძალისხმევას არ დაიშურებს ასევე ნატოსთან შემდგომი დაახლოების კუთხითაც.  "გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის შეუქცევადი კურსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. ამ მიმართულებით მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელება და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცით გახსნილი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენება. უახლოესი პრიორიტეტი კი გახლავთ ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის წარმატებით დასრულება, რაც კიდევ უფრო დაახლოებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ევროპასთან.  ძალისხმევას არ დავიშურებთ ნატოსთან შემდგომი დაახლოებისთვის. უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტი მნიშვნელოვნად აამაღლებს ქვეყნის თავდაცვისუნარიონობას და თავსებადობას ნატო-ს სტანდარტებთან.  ახლა მნიშვნელოვანია მომავალ ვარშავის სამიტზე სათანადოდ აისახოს ჩვენს მიერ მიღწეული პროგრესი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველო კვლავაც აქტიურად გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელებაზე გაამახვილა ყურადღება. "გავაგრძელებთ წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. კვლავაც აქტიური იქნება მონაწილეობა საეთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში. მნიშვნელოვანია, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება. ამერიკული საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ამისათვის აქტიურად ვითანამშრომლებთ ამერიკის შეერთებული შტატების აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან. ასევე საექსპერტო და მედიის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ვაშინგტონთან ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და სავაჭრო დიალოგს, რაზეც უკვე გაწეულია მნიშვნელოვანი ძალისხმევა", - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.