გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე

ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"არ გაგიკვირდებათ, ალბათ, რომ ვიტყვი, რომ ზემოთხსენებული პოლიტიკური დღის წესრიგის გარდა, ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდება ეკონომიკურ თანამშრომლობაზე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციასა და ინვესტიციების მოზიდვაზე. ამჟამად მნიშვნელოვანი ამოცანაა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბრძანა, "დიდი აბრეშუმის გზის" პროექტის წარმატებით ამოქმედება. ოქტომებრში ვუმასპინძლებთ მაღალი დონის დიალოგს "აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრიორიტეტული მიმართულება იქნება ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალური ათვისება და რეგიონულ, ენერგო და სატრანსპორტო პროექტებში მონაწილეობის გაზრდა.  "ბაქო-თბილისი-ყარისის რკინიგზისა და საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი მილსადენების წარმატებით ფუნქციონირება მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის როლს. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური შინაარსის პროექტები, ისინი მნიშვნელოვნად ზრდიან ქვეყნისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. ასევე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადაიყვანს საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალს და აუცილებლად უნდა ითქვას, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სრულფასოვანი განხორციელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის გაძლიერება და საქართველოს ინტეგრირება როგორ რეგიონულ, ასევე მთლიანად ჩვენს ახლო და შორეულ სამეზობლოსთან სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ქსელებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება, რომლის განვითარებაზეც ძალიან დიდი ძალისხმევა დაიხარჯება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.