ლომბარდებში მსესხებელთა რაოდენობა გაორმაგდა

ბოლო ორი თვის განმავლობაში ლომბარდებში ხალხი ნივთებს მასობრივად ტოვებს.

თუმცა მომხმარებლის გადახდისუნარიანობა 35-40%-ით შემცირდა. ლომბარდების მენეჯერთა განცხადებით, კლიენტთა დიდი ნაწილი პროცენტის გადახდას ვერ ახერხებს, რის გამოც ჩაბარებული ნივთების გაყიდვა უწევთ.

ის, რომ მომხმარებელთა მხრიდან სალომბარდე სესხებზე მოთხოვნა გაიზარდა bpn-ს რამდენიმე ლომბარდში დაუდასტურეს.

"რამდენიმე ათასი ლარის ოქრო და ტექნიკა დაგვიგროვდა. მაგრამ იმის გამო, რომ პროცენტს ვერ იხდიან, იძულებული ვართ, გავყიდოთ. სალომბარდე სესხის აღებისკენ მოსახლეობის უმეტესობას ლარის გაუფასურებამ უბიძგა, რამაც დოლარში აღებული ვალდებულებების ხარჯები მნიშვნელოვნად გაზარდა", - გვითხრეს ერთ-ერთ ლომბარდში.

მოთხოვნის პარალელურად, სალომბარდე ბიზნესი ფართოვდება და მათი რაოდენობის ზრდა სულ უფრო თვალშისაცემი ხდება. კონკურენციის გამო, ლომბარდების უმეტესობა მომხმარებლებს დაბალ – 1,5%-დან 3%-მდე საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს.

იგივე პრობლემაზე საუბრობენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მენეჯერები. მათი თქმით, ბოლო რამდენიმე თვეა მსესხებელთა რაოდენობა გაორმაგდა. თუმცა აღებული სესხის დაფარვა უჭირთ.

ორგანიზაცია 20/30-ის წევრმა მიხეილ დონდუამ bpn-თან საუბრისას განაცხადა, რომ 2015 წლის ივნისიდან ბანკების მიერ იურდიულ პირებზე ლარში ახლადგაცემული სესხების 70% ფინანსურ შუამავლობაზე მოდის, ანუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ლომბარდებისა და სავალუტო ჯიხურების დაკრედიტებაზე.

"ბოლო პერიოდში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და ლომბარდების გააქტიურება აშკარად თვალშისაცემია. მათი საკრედიტო შეთავაზებების ბოლო გააქტიურება სწორედ სამომხმარებლო კრედიტების მიმართულებით არის, რომელიც სავაჭრო ბალანსზე უარყოფითად მოქმედებს, ვიდრე ეკონომიკის ზრდაზე. ამ შემთხვევაში საჭიროა სერიოზული მარეგულირებელი პოლიტიკის გატარება. სამწუხაროა, რომ ამ მიმართულებით ეროვნული ბანკის მხრიდან ნაბიჯების გადადგმას ვერ ვხედავთ. რაც შეეხება, სესხის მიწოდების პოლიტიკას, ლომის წილი - 70% ფინანსურ შუამავლობაზე მოდის. როგორც ეროვნული ბანკი განმარტავს, ეს არის ბანკთაშორისი კრედიტები, თუმცა ეს პრობლემას არ წყვეტს, პირიქით, ამძაფრებს. თუ კრედიტების საგარეო ნაკადების 70% საბანკო სივრცეს არ ტოვებს, ჩაკეტილ სისტემაში მოძრაობს და ხმარდება არა ეკონომიკის გაძლიერებასა და სექტორების დაფინანსებას, არამედ ბანკთაშორის შეცილვას, რაც ნიშნავს, რომ ლარზე მოთხოვნა გაზრდილია და ნაცვლად იმისა, რომ ბანკებს ჰქონდეთ საფუძველი გაყიდონ დოლარი და იყიდონ ლარი, ლარზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ეროვნული ბანკის რეფინანსირება მათ აძლევთ ყამირ ნიადაგს , რათა ერთმანეთში გასესხებით ლარზე მოთხოვნა დაიკმაყოფილონ და ლარის კურსი გაუფასურდეს"-განაცხადა მიხეილ დონდუამ.

თიკო გურაშვილი