გაზი დედაქალაქშიც გაძვირდება, პროდუქტი კი მთელ ქვეყანაში

ოქტომბრიდან რეგიონებში იურიდიულ პირებს გაზის გადასახადი 4 თეთრით გაუძვირდებათ. დიდი ალბათობით, სატარიფო ცვლილება დედაქალაქზეც გავრცელდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისში" გაზის მოსალოდნელ გაძვირებას არ ადასტურებენ, მაგრამ არც უარყოფენ. ორგანიზაციებისთვის ახალი ტარიფის შემოღება ავტომატურად გამოიწვევს მომხმარებლისთვის ყველა იმ სერვისის გაძვირებას, რაშიც გაზი გამოიყენება.

"სოკარ გაზმა"  საკუთარ აბონენტებს უკვე გაუგზავნა ოფიციალური შეტყობინება და აცნობა, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი 5 თეთრით გაუძირდათ. მართალია, სატარიფო ცვლილება მოსახლეობას პირდაპირ არ შეეხება, მაგრამ სამოხმმარებლო ხარჯს გაზრდის. პირველ რიგში კი, ცვლილება მცირე და საშუალო ბიზნესს დაარტყამს. როგორც "სოკარ გაზში" განმარტავენ, 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან 1 კბ/მ ბუნებრივი აირის ტარიფი, 79 თეთრის ნაცვლად, 0,84 ლარით განისაზღვრება. კომპანიაში სატარიფო ცვლილებას "ბაზარზე შევცლილი გარემოებებით"  ასაბუთებენ, რაზეც აბონენტებისთვის გაგზავნილ ოფიციალურ შეტყობინებაშიც არის აღნიშნული.

"ორგანიზაციების პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან 2015 წლის 20 სექტემბრამდე მიმართონ შპს "სოკარ ჯორჯია გაზის" შესაბამის სერვის ცენტრს ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად. წინააღმდეგ შემთხვევაში, 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან მხარეთა მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედება ჩაითვლება შეწყვეტილად, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ მიერ არ მოხდა სხვა მიმწოდებელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება, შესაძლოა, შეგიწყდეთ ბუნებრივი გაზით მომარაგება ან 2015 წლის 1-ლი ოქტომბრიდან გაზს მიიღებთ 0.84 ლარად", - აღნიშნულია იურიდიული პირებისადმი გაგზავნილ შეტყობინებაში.

რაც შეეხება თბილისს, იურიდიული პირებისთვის გაზის გადასახადი ამ ეტაპზე 75 თეთრია. რამდენიმე თვით ადრე "ყაზტრანსგაზი" ამ გადასახადის 15 თეთრით გაძვირებას ცდილობდა, მაგრამ იმხანად სატარიფო ცვლილება ვერ მოხერხდა. არ არის გამორიცხული, კომპანიამ 90-თეთრიანი ტარიფის შემოღება ამჯერადაც სცადოს, მაგრამ ამ საკითხზე კომპანიაში ღიად დღეს არავინ საუბრობს. "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი "რეზონანსთან"  საუბრისას შემოიფარგლა მწირი კომენტარით, რომ სატარიფო ცვლილებაზე გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არის მიღებული და თუკი რამე შეიცვლება, კომპანია ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

ცხადია, გაზის გაძვირება მეწარმეებს სერიოზულად დააზარალებს. ისინი პირდაპირ აცხადებენ კიდეც, რომ გადასახადის გაძვირების შესაბამისად, წარმოებული პროდუქციის გაძვირება მოუწევთ. საბოლოოდ კი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაზარალებული მოსახლეობა დარჩება, რომელსაც მთავრობა ყოველ დღე უმეორებდა, რომ კურსის მერყეობას ფასების ზრდა არ მოჰყვებოდა. "ენერგომატარებლების ფასი ყოველთვის აისახება წარმოებული პორდუქტის ღირებულებაზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში თითქმის არაფერი იწარმოება, ბუნებრივი აირის გაძვირება სამომხმარებლო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას მაინც მოახდენს და საბოლოოდ მომხმარებელს დააზარალებს. ჩემთვის უცნობია, რა არგუმენტით მოხდა ტარიფის კორექტირება, დასაბუთებული განმარტება ვერსად მოვისმინე. გარდა იმისა, რომ სამეწარმეო საქმიანობაზე მოახდენს გავლენას, სატარიფო ცვლილების შედეგს მოსახლეობაც მტკივნეულად იგრძნობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველა გაძვირებაზე ფიქრობს", - ამბობს ეკონომიკური და სოციალური საკითხების ექსპერტი ნოდარ კაპანაძე.

ბუნებრივი აირის გაძვირების გამო საფასო ცვლილება, უმეტესწილად, მოსალოდნელია კაფე-რესტორნებსა და გადამამუშავებელ ქარხნებში. მეწარმეთა განცხადებით, ტარიფების გაზრდას ასევე წარმოების გაძვირება მოჰყვება, შესაბამისად, პროდუქცია, მათ შორის, შაქრის ფასიც მოიმატებს.

კომპანია "ქუალითი შუგარის" ხელმძღვანელი ალხან ალიზადე აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის ახალი ტარიფი პროდუქციის საბოლოო თვითღირებულებასაც გაზრდის. "ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება. მოგება დაბალი იქნება ან საერთოდ არ იქნება და რა აზრი აქვს ასეთ მუშაობას? ისეთი ფასი უნდა დავადოთ, რომ კონკურენცია იყოს. არ მაქვს იმედი, რომ ვინმე დამეხმარება - ხელისუფლება ან მომწოდებლები", - აცხადებს ალიზადე.

მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობენ თბილისურ კაფეებშიც.

ინდმეწარმე გიორგი გურიელიძის განცხადებით, თუკი "ყაზტრანსგაზი" ბუნებრივ აირს გააძვირებს, მომსახურების ფასის გადახედვა მოუწევს. "არ ვიცი, რა მაჩვენებლით გაძვირდება გადასახადი, მაგრამ 2-თეთრიანი სხვაობაც რომ დაფიქსირდეს, ფასის კორექტირება მოგვიწევს. იმის გამო, რომ ბუნებრივ აირს აქტიურად მოვიხმართ, ახალი გადასახადის გამო, ხარჯი მნიშვნელოვნად გაგვეზრდება. ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ თბილისელი მომხმარებლებისთვის ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ ვეჭვობ ასე მოხდეს. რამდენიმე თვეა, "ყაზტრანსგაზისთვის" ტარიფის საკითხი აქტუალობას არ კარგავს და დღეს თუ ხვალ, შესაბამის შეტყობინებასაც უნდა ველოდოთ", - ამბობს გიორგი გურიელიძე.

პროდუქტის გაძვირებაზე საუბრობენ რძის გადამამუშავებელ საწარმოებშიც. სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარე მცირე საწარმოს წარმომადგენელი ამბობს, რომ კომუნალური ხარჯის ზრდა რძის ნაწარმის ფასზეც აისახება.

"კალკულაცია დასათვლელია. ჯერ არ ვიცით, რამდენით გაგვეზრდება ხარჯი. ფასის შენარჩუნებას ვერაფრით შევძლებთ. ცხადია რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რადგან რეალიზაციის პრობლემა ისედაც გვაქვს. გაძვირების შემთხვევაში მყიდველი შემოგვაკლდება. სასიკეთოს არაფერს ველოდებით. გაზის გაძვირება და ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული პრობლემა მეტ-ნაკლებად საზოგადოების თითქმის ყველა ფენაზე აისახება. ცხადია, მომხმარებლისთვისაც იქნება მტკივნეული და ჩვენთვისაც, ბიზნესს ძალიან გაუჭირდება", - აცხადებენ კომპანიაში.

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში განმარტავენ, რომ იურიდიული პირებისთვის ტარიფს სემეკი არ ადგენს და "სოკარ ჯორჯია გაზი" ფასის დადგენაში თავისუფალია. ტარიფის გაზრდა ჯერჯერობით არ ეხება პურის საცხობებს. გუშინ გვიან ღამით "სოკარ ჯორჯია გაზმა" მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის არც ერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება. "კომპანია "სოკარ ჯორჯია გაზი" აზუსტებს მედიით გავრცელებულ განცხადებას კომერციული მომხმარებლების ნაწილისთვის მისაწოდებელი ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილებების შესახებ და აცხადებს, რომ ამ ეტაპისთვის კომერციული სექტორის არც ერთი კატეგორიის მომხმარებლისთვის ტარიფის გადახედვა არ იგეგმება", - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოდის, რომ ოქტობრიდან ბუნებრივ აირი იურიდიულ პირებს აღარ გაუძვირდებათ და ისევ ძველ ფასში მიეწოდება, თუმცა ამის თაობაზე "სოკარ გაზში" აღარაფერი დაუზუსტებიათ.

მარი ჩიტაია

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"