ლადო ჭანტურია: გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ვიზალიბერალიზაციას ხელს არ შეუშლის

დღევანდელი ინფორმაციით, გვეუბნებიან, რომ მიგრაციის პრობლემა ხელს არ შეუშლის ვიზალიბერალიზაციას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ლადო ჭანტურიამ განუცხადა.

ელჩმა უპასუხა კითხვას, ევროკავშირში მიგრაციის პრობლემა ხომ არ შეუშლის ხელს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას. ჭანტურიას განცხადებით, დღეს ეს საკითხი პროცესს ხელს არ უშლის, თუმცა ყველას კარგად მოეხსენება, რომ ლტოლვილების რაოდენობამ ევროპის კავშირის სახელმწიფოებში კრიტიკულ მასას მიაღწია.

ევროკავშირში საქართველოს ელჩმა, ნატალი საბანაძემ არ გამორიცხა, რომ ევროპაში მიგრაციის კრიზისმა ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.  "თუ ეს შეფასება იქნება დადებითი, ჩვენ ველით, რომ ევროკომისია მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს მომავალ წელს, 2016 წლიდან მიეცეს უვიზო მიმოსვლა. ამასთანავე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ არის ძალიან რთული კონტექსტი - მიგრაციის კრიზისი, რომელმაც რთული გამოწვევების წინაშე დააყენა ევროკავშირი. ამ ფონზე საკმაოდ რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ამიტომ შეიძლება, იყოს რაღაც ფაქტორები, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელია და, რომლებმაც შეიძლება, უარყოფითად იმოქმედოს, მაგრამ მე ვარ ოპტიმისტურად განწყობილი", - განაცხადა ნატალი საბანაძემ.