ოზურგეთში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის განცხადებით, ქალაქ ოზურგეთში გზების მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ასფალტის დაგების პროცესი ფარნავაზ მეფის, გურამიშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოებს შპს "ბლაცკ სეა გროუპ" ახორციელებს.  მათივე ცნობით, პროექტის მიხედვით, აღნიშნული ქუჩების გარდა ასფალტის დაგება მალე ქალაქის კიდევ 16 ქუჩაზე დაიწყება. სამუშაოების ღირებულება 998 877 ლარს შეადგენს და იგი მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება.

ადმინისტრაციის განცხადებით, მხარის გუბერნატორისა და ქალაქ ოზურგეთის მერის მომდევნო შეხვედრა ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" სტადიონზე სპორტსმენებთან შედგა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სტადიონზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს და ფეხბურთელებს ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი შეხვედრისთვის უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა სახის ფორმა და ინვენტარი გადასცეს, რომელიც სპორტსმენებისთვის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შეიძინა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტრიბუნებზე 3 000 ინდივიდუალური სკამი დამონტაჟდა, ფეხბურთელთა გასახდელი, სტადიონზე გამოსასვლელი გვირაბი შეკეთდა, მოწესრიგდა მთავარი ლოჟის შესასვლელი. ადმინისტრაციულ შენობაში მოეწყო სველი წერტილები, სტადიონის დამცავი ბადე ახალი, თანამედროვე ტიპის მავთულ-ბადით მთლიანად შეიცვალა, შეიღება მავთულ-ბადის მილებიც. შეიცვალა მწვრთნელებისა და სათადარიგო ფეხბურთელების სკამები.