ზაფხულის სეზონზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2015 წლის ზაფხულის სეზონზე საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა ,- ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა, რომელმაც 2015 წლის აგვისტოსა და ზოგადად, ზაფხულის სეზონის ტურიზმის შემაჯამებელი სტატისტიკა წარმოადგინა.

როგორც ჩოგოვაძემ განაცხადა, აღნიშნული სტატისტიკა ეყრდნობა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის მაჩვენებლებს. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, საქართველოს 852 377 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. მისი თქმით, ზრდა წინა წლის ანალოგიყრ პერიოდთან შედარებით 10%-ია, მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 2%-ით არის გაზრდილი.

მისივე თქმით, 2015 წლის ზაფხულის სეზონზე (ივნისი, ივლისი, აგვისტო) საქართველოს 2 086 831 საერთაშორისო მოგზაური ექვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-ია, მათ შორის, იმ უცხოელი მოგზაურების, ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ზაფხულის სეზონთან შედარებით 2.4%-ით არის გაზრდილი. "რვა თვის მონაცემებით პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. მათგან ზრდის კუთხით გამოირჩეოდა ლიტვა (+21%), ჩეხეთი (+20%), ლატვია (+14), გერმანია (+12%), იტალია (+10%), გაერთიანებული სამეფო (+10%), ნიდერლანდები (+10%). სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია არაბთა გაერთიანებული საემიროები (+766%), საუდის არაბეთი (+75%), ბელარუსი (+54%), ყაზახეთი (+36%), მოლდოვა (+35%)", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, აგვისტოს თვეში ზრდის თვალსაზრისით გამორჩეოდა არაბთა გაერთიანებული საემიროები (+761%), ისრაელი (+42), ბელარუსი (+69%), ყაზახეთი (+50%), ომანი (+1036%) და ესპანეთი (+87%). როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, 2015 წლის ზაფხულის მარკეტინგული და სარეკლამო კამპანიებისთვის დაიხარჯა, დაახლოებით, 8 მილიონი ლარი, სავარუდო შემოსავალმა, რომელიც განპირობებული იყო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ტურისტების რაოდენობის ნამატით (მხოლოდ აპრილი-ივლისი პერიოდში) დაახლოებით, 96 634 009 ლარი შეადგინა. როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებული გადასახადების მოცულობამ აპრილში +47%, მაისში +43%, ივნისში +24%, ივლისში +32% შეადგინა.  "სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად (12%-ით) გაიზარდა ტურიზმის სექტორში შექმნილი დამატებითი ღირებულება, რაც მიუთითებს, რომ ტურიზმი თამაშობდა და ითამაშებს დიდ როლს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში", - აღნიშნა ჩოგოვაძემ.