ლადო ჭანტურიას განცხადებით, ინვესტიციების საკითხზე გერმანიასთან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს

გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ლადო ჭანტურიას განცხადებით, ინვესტიციების საკითხთან დაკავშირებით გერმანიასთან სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.

როგორც ლადო ჭანტურიამ ჟურნალისტებს განუცხადა, პრემიერმა დღეს ამბასადორიალზე თავის გამოსვლაში მნიშვნელოვანი აქცენტი გააკეთა სწორედ ეკონომიკური ურთიერთობის გაძლიერებაზე.  "ქვეყნისთვის აუცილებელია ახალი ინვესტიციების მოზიდვა. ჩვენ გერმანიასთან ამ საკითხზე სერიოზულად ვმუშაობთ, მაგალითად, გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით მომავალი წლიდან დაიწყება ქართველი მენეჯერების მომზადება გერმანიის ბაზრისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ახალი შესაძლებლობები ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. ასევე ბევრ გერმანელ ინვესტორს გააცნობს საქართველოს, ბევრ მეწარმეს მისცემს შესაძლებლობას დაბანდებები განახორციელონ საქართველოში. ამ თვალსაზრისით, ჩვენ იმედიანად ვუყურებთ გერმანიასთან თანამშრომლობას", - განაცხადა ჭანტურიამ.

ელჩი ფიქრობს, რომ ინვესტიციების კუთხით საელჩოებში მუშაობა გასააქტიურებელია და მიიჩნევს, რომ ალბათ, უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილებებიც, რომლებიც ეკონომიკურ პროექტებზე იმუშავებენ.  ლადო ჭანტურია ასევე გამოეხმაურა საკადრო ცვლილებებს. როგორც ელჩმა აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო ეს ცვლილებები, თუმცა აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილს კარგად იცნობს და დარწმუნებულია, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა გაგრძელდება.  რაც შეეხება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, ელჩის განცხადებით, ის თამარ ბერუჩაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის.