პრეზიდენტის შეფასებით, მიღებული კანონით რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება

ეროვნულ ბანკს არ ექნება სამართლებრივი და პრაქტიკული მექანიზმები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, საფინანსო სექტორზე რაიმე ფორმით ზედამხედველობა განახორციელოს ,- ამას საქართველოს პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში აცხადებს, რომელიც "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში განხორციელებულ ცვლილებებზე დადებულ ვეტოსთან დაკავშირებით მომზადდა.

პრეზიდენტის შეფასებით, ეროვნული ბანკისგან საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფით და სსიპ-ის საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ჩამოყალიბებით ეროვნულ ბანკს არ ექნება ფინანსური სექტორის სრული და ყოვლისმომცველი ზედამხედველობის უფლებამოსილება, რითაც რისკის ქვეშ დგება ეროვნული ბანკისთვის კონსტიტუციით დაკისრებული ამოცანის შესრულება - ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობა. როგორც მოტივირებულ შენიშვნებშია აღნიშნული, თუკი ეროვნულ ბანკს საფინანსო სექტორზე მაკროპრუდენციული ზედამხედველობის ინსტრუმენტები არ ექნება, გაუგებარია, როგორ უნდა შეუწყოს მან ხელი სექტორის სტაბილურ ფუნქციონირებას. ასევე პრეზიდენტისთვის გაურკვეველია, რას ნიშნავს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოსთან მიმართებით პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტში გამოყენებული ტერმინი "მასთან არსებული". როგორც პრეზიდენტი მოტივირებულ შენიშვნებში განმარტავს, იმისთვის, რომ სააგენტო ეროვნულ ბანკთან არსებულ სუბიექტად განიხილებოდეს, საჭიროა რიგი ნიშნების არსებობა, რის მიხედვითაც სააგენტო ორგანულ კავშირშია ეროვნულ ბანკთან და რაც, თავის მხრივ, წარმოაჩენს ეროვნულ ბანკს, როგორც ერთიან, ცენტრალიზებულ სისტემას.

"სააგენტოს სრული ორგანიზაციული, სტრუქტურული და ფუნქციური დამოუკიდებლობა იძლევა შესაძლებლობას იგი განხილულ იქნეს დამოუკიდებელ სუბიექტად, რომელიც ეროვნული ბანკის ცენტრალიზებულ სისტემასთან არსებობის გარეშეც სრულფასოვნად განახორციელებს საბანკო ზედამხედველობის ფუნქციას. იმისათვის, რომ სააგენტო ეროვნული ბანკის ერთიან სისტემაში მოვიაზროთ, ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონდეს რეალური და ქმედითი მექანიზმები, რითაც არამარტო შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ სააგენტო მასთან არსებული ორგანოა, არამედ "მასთან არსებობა" გარკვეული სამართლებრივი მნიშვნელობის მატარებელი გახდება", - აღნიშნულია პრეზიდენტის შენიშვნებში.

მისივე თქმით, სააგენტოს საბჭოში ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტისა და ეროვნული ბანკის საბჭოს ერთი წევრის მონაწილეობა სააგენტოს ეროვნულ ბანკთან "არსებობას" არ განაპირობებს, რადგან სააგენტოს საბჭოში გადაწყვეტილებათა მიღების პროცედურიდან გამომდინარე (დამსწრეთა ხმების უბრალო უმრავლესობა), სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილების მიღებაზე მათი ქმედითი გავლენის შესაძლებლობა მინიმალურია. პრეზიდენტი იმასაც აღნიშნავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტის მიხედვით, ეროვნული ბანკი არის ერთიანი, ცენტრალიზებული სისტემა, თუმცა სააგენტო ანგარიშვალდებულია არა ეროვნული ბანკის, არამედ საქართველოს პარლამენტის წინაშე, რაც გამოიხატება გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის წარდგენით. იმავდროულად, საქართველოს კონსტიტუცია (მუხლი 96, პ-.3) იცნობს მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტისათვის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის ვალდებულებას.

პრეზიდენტი მიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები ვერც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ამასთან დაკავშირებით მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ სააგენტოს უფროსი არის გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები და არსებობს საშიშროება, რომ იგი შეიძლება პოლიტიკური კონტროლის ქვეშ მოექცეს, რადგან მისი ვადამდე გათავისუფლება გაცილებით ადვილად არის შესაძლებელი, ვიდრე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრისა, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული დაცულობის მაღალი დონე გააჩნია. თავის მხრივ, პრეზიდენტის მხრიდან პარლამენტისთვის შეთავაზებული ალტერნატიული პროექტის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის ფუნქცია ეროვნული ბანკის შემადგენლობაშია განსაზღვრული. პრეზიდენტის პროექტის თანახმად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს კომერციული ბანკები და რეგულირება რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე განახორციელოს. პროექტი ასევე ითვალისწინებს, ეროვნული ბანკის საბჭოსთან არსებული აუდიტის კომიტეტის ფუნქციონირებას. "კანონპროექტის მიზანია, შექმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას უფრო ეფექტიანად იმოქმედოს საფინანსო სექტორის სტაბილურობის შენარჩუნებისათვის და ამ მიზნით გაატაროს ყველა აუცილებელი საზედამხედველო ღონისძიება", - აღნიშნულია პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში.

"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე პარლამენტი დღეს, პლენარული სხდომის ფორმატში იმსჯელებს. უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნების და კანონპროექტის გაზიარებას არ აპირებს და ვეტოს დაძლევისათვის ემზადება.