თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ეკო-ქალაქი აშენდება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკის ახალ მინისტრთან და თბილისის მერთან ერთად, აკვა პარკ "ჯინო ფერედაისს" სტუმრობდა.

"ჯინო ფერედაისის" დამფუძნებელმა, ნოდარ გიორგაძემ პრემიერ-მინისტრს ტერიტორია დაათვალიერებინა და ახალი პროექტი - "ეკო გრინ სითი" წარუდგინა. პროექტი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, 200-250 ჰექტარ მიწის ფართობზე ეკოლოგიური სამშენებლო მასალების ინფრასტრუქტურული ობიექტების, საცხოვრებელი ვილების, კოტეჯებისა და ბინების მშენებლობას ითვალისწინებს.

"ჯინო ფერედაისი" არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში განხორციელებულა. აქ 28 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩაიდო, რაც ქართველმა მამულიშვილმა ნოდარ გიორგაძემ განახორციელა. დღეს გარდა იმისა, რომ დავათვალიერეთ თავად აკვა პარკის ტერიტორია, განვიხილეთ სხვა პროექტრები, რომელიც ეხება თბილისის ზღვის გარშემო ტერიტორიის განაშენიანება-განვითარებას. პირველ ეტაპზე 100 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი, თუმცა სამუშაოები რამდენიმე ფაზად არის დაყოფილი და ჯამში შესაძლოა, მილიარდი დოლარის ინვესტიციაც მოხდეს. პროექტის ფარგლებში ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ქალაქის მშენებლობა მოხდება თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია", - განუცხადა პროექტის პრეზენტაციის შემდეგ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამავე ინვესტორთან ერთად საქართველოს მთავრობა გეგმავს ერთობლივი პროექტების განხორციელებას გუდაურსა და ბაკურიანში.  "გუდაურში საუბარია 80 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე, ბაკურიანში კი ალბათ ერთი თვის შემდეგ დაიწყება ანალოგიური, თუმცა მცირე მასშტაბის პროექტი, რათა იქ დამსვენებლებმა გართობა შეძლონ. ასევე, განვიხილავთ კემპინგების სახელმწიფო პროგრამის გამოცხადებას და თავდაპირველად ალბათ კემპინგის 10 ადგილს გავაკეთებთ. ესეც ბატონი ნოდარ გიორგაძის ინიციატივაა და ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ამ პროექტის განხორციელებაში", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უფრო კონკრეტულად, "ეკო გრინ სითის პროექტის" ფარგლებში აშენდება საბავშვო ბაღები, სკოლები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, სამედიცინო-სამკურნალო, კურორტოლოგიური, სარეაბილიატაციო ობიექტები, პარკები, სპორტული მოედნები, სავაჭრო უბნები და სხვა სახის ობიექტები. ენერგიის 90% გამომუშავებული იქნება მზის, ქარის, წყლისა და ბიოგაზის მეშვეობით, გამოყენებული იქნება ულტრათანამედროვე ენერგეტიკული დანადგარები, მზის კოლექტორები, ინვენტორები, კოოგენერაციული და ტრიგენერაციული დანადგარები.