რა ჯდება 1კილოგრამი ყურძნის მოყვანა?

რთველი ოფიციალურად 3 სექტემბერს დაიწყება. რთველის საორგანიზაციო შტაბი უკვე გახსნილია, სადაც ამ დროისთვის 30-მდე კომპანიაა რეგისტრირებული. სახელმწიფო გასული წლის მსგავსად, კახელი გლეხების დახმარებას ყურძნის სუბსიდიით ცდილობს. სუბსიდიის სახით, 2015 წლის რთველის ფარგლებში 1 კილოგრამ კახურ მწვანესა და რქაწითელზე - 35 თეთრი, ხოლო 1 კგ. საფერავზე 15 თეთრი გაიცემა. გავრცელებული ინფორმაციით, სუბსიდიის ჩათვლით რქაწითელი და მწვანე 70 თეთრი, ხოლო საფერავი 85 თეთრი ეღირება.სტიქიის მიუხედავად, წელს კახეთში ყურძნის ჭარბ მოსავალს ელოდებიან. არსებული პროგონოზით, მიმდინარე წელს შარშანდელთან შედარებით, ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებლი თითქმის 30%-ით მეტია. ქარხნები ყურძნის მიღებას მომავალი კვირიდან დაიწყებენ.

Bpn.ge დაინტერესდა, რა უჯდება, საშუალოდ, 1კგ. ყურძნის მოყვანა გლეხს და რა განსაზღვრავს, რეალურად, ყურძნის ფასს. ამ საკითხთან დაკავშირებით Bpn.ge- ს შეკითხვებს პასუხი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დეპარტამენტის უფროსმა, ასოცირებულმა პროფესორმა ზვიად ბობოქაშვილმა გასცა:

- შეიძლება, ერთი ჰექტრიდან, გამართული აგრონომიული ღონისძიებების განხორციელების შედეგად, 10 ტონა ყურძენი მიიღოს გლეხმა. მაგრამ ერთი ოპერაციაც რომ ჩავარდეს, იმავე ერთმა ჰექტარმა ვენახმა შეიძლება 3 ტონა ყურძენი მოგვცეს. შეიძლება დანახარჯი ერთი და იგივეა, მაგრამ მოსავალი თუ მაღალი არ არის, თვითღირებულების გამოთვლა ასეთ შემთხვევაში რთულია. ამიტომ ხდება საშუალო მოსავლიანობის (რომელსაც ერთ ჰექტარ მიწაზე ველოდებით) და საშუალო ღირებულების (რაც აგროღონისძიებებზე შეიძლება დაიხარჯოს) დადგენა.

- რამდენია საშუალო ღირებულება?

- ეს თანხა, დაახლოებით, 2 800- დან 3 200 ლარამდე მერყეობს.

bpn- როგორია საშუალო ღირებულება სხვადსხვა ჯიშების შემთხვევაში?

- ჩვენთან წამყვანი ყურძენი არის რქაწითელი და საფერავი, ამის მიხედვით ხდება დიფერენციაცია. ყველა თეთრნაყოფიანი ყურძენი დაახლოებით რქაწითელის ფორმით გადის. თუ ეს არის მოსავალი 10 ტონა ჰექტარზე, რქაწითელის შემთხვევაში, გამოდის 28-დან 32 თეთრამდე კილოგრამზე. თუ ეს არის საფერავი, სადაც მოსავალი არის 6-7 ტონა, დანახარჯები შედარებით მეტი იქნება, ამიტომ, თვითღირებულება, შესაძლოა, მეტი იყოს - მაგალითად, 40 თეთრი. ჩვენ ძალიან კარგი მევენახეები გვყვას, რომლებიც საკმაოდ კარგად ასრულებენ საჭირო ღონისძიებებს: წამლობას, მწვანე ოპერაციებს, გასხვლით ღონისძიებებს, წვერის გადაჭრას და იღებენ საკმაოდ კარგ შედეგს. არიან ფერმერები, რომლებიც 12-15 ტონას კრეფენ ჰექტარზე.

- როგორ უნდა მოიქცეს გლეხი, რომ ყურძნის კარგი მოსავალი მიიღოს?

- სტანდარტულად, რამდენიმე კრიტიკული მომენტია... აგრონომიულ ღონისძიებებს ერთი თავისებურება აქვს. მაგალითად, კონკრეტული ღონისძიება - წამლობა, ან გაფურჩქვნა, ან წვერის გადაჭრა - უნდა განხორციელდეს კონკრეტულ დროში. თუ ეს ღონისძიება დაგვიანებით განხორციელდება, შედეგი შეიძლება ძალიან დაბალი იყოს. კიდევ ერთი გასათვალიწინებელი მომენტია მეჩხერიანობა. შეიძლება ვენახში, რომელიც 2800 მცენარისთვის არის განკუთვნილი, რეალურად 1500 მცენარე გქონდეთ გაშენებული, ანუ საჰექტაროზე ნაკლები, მაგრამ ღინისძიებების დროს დანახარჯი თითქმის იგივეა, რაც სრულ მსხმოიარეზე. ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საჭიროა. ჯაჭვიდან ერთი რგოლის ამოვარდნა, შესაბამისად, საბოლოო შედეგზე აისახება.

თამარ კორკოტაშვილი