ზარაფხანა მაღაზიას ბაქოში გახსნის

ოქროს მწარმოებელი კომპანია ”ზარაფხანა” მალე აზერბაიჯანის დედაქალაქში საკუთარ მაღაზიას გახსნის.

”ზარაფხანას” მარკეტინგის მენეჯერის, თამთა გველესიანის ინფორმაციით, აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებები უკვე ბოლო ეტაპზეა. ”სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში ბაქოში ჩვენი მაღაზია გაიხსნება”, - აღნიშნავს თამთა გველესიანი.

მისივე თქმით, მთავარი მიზეზი, რის გამოც ბაქოში კომპანიამ მაღაზიის გახსნა გადაწყვიტა, აზერბაიჯანში ქართული ოქროს მიმართ მაღალი ინტერესია.

” ჩვენს პროდუქტს საკმაოდ კარგად იცნობენ, ბევრი კომპანიაა დაინტერესებული ქართული ნაწარმით”, - აღნიშნავს თამთა გველესიანი. ”ზარაფხანა” ბაქოში სპეციალურად აზერბაიჯანელი მომხმარებლისთვის დამზადებულ პროდუქციას შეიტანს, შემდეგ კი აზერბაიჯანელებს ქართულ უნიკალურ ნაკეთობებსაც შესთავაზებს.

ექსპორტზე ფოკუსირების მიზნით, ”ზარაფხანამ” თბილისის მასშტაბით რამდენიმე მაღაზია დახურა, თუმცა ახლო მომავალში კომპანია მაღაზიის გახსნას სავაჭრო ცენტრ EastPointTbilisi-ის სივრცეში გეგმავს.