გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საინვესტიციო დაცვის ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა ქვეყანასთან დაჩქარდება

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად დაჩქარდება ორმხრივი საინვესტიციო დაცვის ხელშეკრულებების გაფორმება სხვადასხვა ქვეყანასთან.

როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი დაისვა დღეს ამბასადორიალის მიმდინარეობის დროს.  "დაისვა საკითხი ორმხრივი საინვესტიციო დაცვის ხელშეკრულებების მაქსიმალურად ჩქარა გაფორმებაზე მაქსიმალურად ბევრ ქვეყანასთან. ამ მიმართულებით ძალიან ჩქარა შესაძლებელი იქნება ბევრ ქვეყანასთან გაფორმდეს ეს ხელშეკრულებები. ეს ხელშეკრულებები წინაპირობა არის იმის, რომ ინვესტორებმა დაცულად იგრძნონ თავი და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ იუსტიციის სამინისტროსთან. კანადამ დასვა ეს საკითხი, თუმცა შემდეგ რომ მოვიკითხე არის კიდევ არაერთი ქვეყანა, სადაც ჩვენ ან ახალი ხელშეკრულება გვაქვს გასაფორმებელი უკვე ახალი სტანდარტების მიხედვით, ან ფაქტობრივად მოძველებულია ეს ხელშეკრულებები, ან საერთოდ არ არსებობს. ასეთი ქვეყნები არის და მაქსიმალურად უმოკლეს დროში გვინდა რომ გავაკეთოთ ეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ფიქრობს, რომ გაცილებით უფრო აგრესიულად უნდა იმოქმედონ და არ უნდათ შეეშინდეთ, რომ მაქსიმალურად მეტი დაცვის შეგრძნება მიეცეს ინვესტორებს. მისი თქმით, ამ მიმართულებით, როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე იუსტიციის სამინისტროსთან იმუშავებენ და ჩქარა გააკეთებენ ყველაფერს.  კითხვაზე, ხომ არ ჩადგებიან უცხოელი ინვესტორები პრიორიტეტულ მდგომარეობაში, ვიდრე ქართველი ინვესტორები, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის არავის არ უნდა შეეშინდეს, იყო გარკვეული კონსერვატიული მიდგომები დამკვიდრებული, რომელიც უნდა შეიცვალოს. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეული არ გატანილი დოლარი არის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამატებით, ამიტომ ჩვენ გვექნება გაცილებით უფრო ლიბერალური კუთხით მიდგომა და არავითარ შემთხვევაში, ეს მათ არ ჩააყენებს პრიორიტეტულ მდგომარეობაში ადგილობრივ ინვესტორებთან მიმართებაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.