5-6 სექტემბერს ბათუმობა -2015 გაიმართება

5-6 სექტემბერს ბათუმი წლის ერთ-ერთ გამორჩეულ დღესასწაულს, „ბათუმობას“ უმასპინძლებს.ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, 2015 წლის „ბათუმობა“ საინტერესო ღონისძიებებითა და მრავალფეროვნებით იქნება გამორჩეული. ღონისძიებები ყველა ასაკისა და გემოვნების ბათუმელსა და მის სტუმარზეა მორგებული. 5-6 სექტემბერს „ბათუმობის“ ფარგლებში დუმბაძისა და მემედ აბაშიძის ქუჩები საგანგებოდ იქნება მორთული, გაიმართება სასულე ორკესტრის მსვლელობა, პანტომიმის თეატრისა და თითების თეატრის წარმოდგენები, სამეჯლისო ცეკვები და ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა. ევროპის მოედანზე ჩატარდება ფესტივალი „განდაგანა“, რომლის ორგანიზატორია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ფესტივალ „განდაგანას“ ძირითადი თემატიკა იქნება აჭარული სოფელი მთელი თავისი ხიბლითა და კოლორიტულობით, რაც მხილველებს ქალაქიდან გაუსვლელად მისცემს საშუალებას მთიან აჭარაში მოგზაურობის. მოედანზე მოწყობილი იქნება სხვადასხვა კუთხე (ეკოტურიზმის, ღვინის, რძის პროდუქტების, თამბაქოს, თაფლის, აჭარული კერძების, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის). გარდა ამისა, ბათუმის საჭადრაკო კლუბში ჩატარდება კოსტუმირებული ჭადრაკი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ევროპისა და საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ნინო ბათიაშვილი და ევროპის ჩემპიონი მირანდა მიქაძე.

5 სექტემბერს „ბათუმობა“ ბავშვებს ბულვარის კოლონადებთან გასართობი მიუზიკლით „ზეიმი ჯადოსნურ სასახლეში“ უმასპინძლებს. „ბათუმობის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება დუმბაძის ქუჩაზე, სადაც გამოვლინდება საპატიო ბათუმელები, ღონისძიებას კი მუსიკალურად ბათუმის ჯაზ ბიგ ბენდი გააფორმებს. 5-6 სექტემბერს, საღამოს 18 საათიდან, ანბანის კოშკის მიმდებარედ ფლამენკოს შოუს ცნობილი ანდალუზიელი მოცეკვავე და ქორეოგრაფი ხოსე კანდელა გამართავს. ანბანის კოშკთან ჩატარდება საღამოს უფასო კონცერტები ბათუმური ჯგუფების შესრულებით: „Black Sea“, „ Strawberry fields“, „The Nemo“, „Sound lab“, „Rene Band“. კონცერტს დაასრულებს მებო ნუცუბიძე და ჯგუფი „BEARFOX”. 6 სექტემბერს „ბათუმობის“ ფარგლებში ბათუმის მუსიკალური ცენტრი უმასპინძლებს ნიკოლოზ რაჭველისა და ანიტა რაჭველიშვილის საერთო პროექტს, აჟღერდება მსოფლიო კინომუსიკის შედევრები. 6 სექტემბერს გალა კონცერტი გაიმართება ანბანის კოშკთან. პროგრამის დაწვრილებითი აღწერა შეგიძლიათ იხილოთ ტურიზმის დეპარტამენტის შემდეგ გვერდზე:  http://gobatumi.com/