ელჩის განმარტებით, ქართული მხარე ირანის მიერ საქართველოდან წყლის რესურსების შეძენის საკითხზე პასუხის გასაცემად ჯერ მზად არ არის

ირანში საქართველოს ელჩი იოსებ ჩახვაშვილი ადასტურებს, რომ ირანი საქართველოდან წყლის რესურსების შეძენით დაინტერესებულია , თუმცა ქართული მხარე ამ საკითხზე პასუხის გასაცემად ჯერ მზად არ არის.

როგორც იოსებ ჩახვაშვილმა განაცხადა, ეს არ შეეხება მტკვრის წყლის ექსპორტს, ვინაიდან მტკვარი საზიარო მდინარეა, სადაც კვოტები გადანაწილებულია და აზერბაიჯანი თანახმა არ არის თავისი კვოტები დათმოს.  "ირანში წყლის გატანაზე ჯერჯერობით საუბარი არ არის. ეს საკითხი შესწავლილი არ არის, ამიტომ ამაზე საუბარი ნაადრევია, განხილვაც კი არ ყოფილა, ეს არის მხოლოდ ირანელების სურვილი, მიიღონ საქართველოდან წყალი. გამორიცხულია, რომ ეს იყოს მტკვრის წყალი, რადგან მტკვარ არის საზიარო მდინარე აზერბაიჯანთან და იქ კვოტები განაწილებულია. მაშინ აზერბაიჯანმა უნდა დათმოს თავისი კვოტები, რაც წარმოდგენელია და რისი წინააღმდეგიც არიან. ანუ ჩვენ არ ვიცით საქართველოს რომელი ნაწილიდან რა რესურსით ვაძლევთ ირანს წყალს. ჩვენი მთავრობა ამაში არ მონაწილეობს, უბრალოდ როდესაც მაღალი დონის ვიზიტებია, ირანელები გვიფიქსირებენ, რომ აქვთ ასეთი სურვილი, მაგრამ ჩვენები ეუბნებიან, რომ ვნახოთ, რადგან ჯერ არ ვართ მზად საკითხზე რომ ვუპასუხოთ", - განაცხადა იოსებ ჩახვაშვილმა.

ირანის მიერ საქართველოდან წყლის რესურსების შეძენის სურვილის თაობაზე ინფორმაცია ირანში ვიზიტის შემდეგ დეპუტატმა გუბაზ სანიკიძემ გააჟღერა. არსებული ინფორმაციით, ირანს საქართველოდან წყლის რესურსის შეძენა ურმიის დამშრალი ტბის შესავსებად სჭირდება. ასევე ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანაცვლოდ ირანიდან საქართველოში გაზის იმპორტი განხორციელდება.