საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის გეგმის შესრულებაზე ევროკომისიის ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისიის ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით 15 დეკემბერს გამოქვეყნდება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიგი გიგიაძემ განუცხადა.  იგი იმედოვნებს, რომ ევროკომისიის რიგით მეოთხე ანგარიში იქნება საბოლოო და საქართველოს ექნება საფუძველი ვიზალიბერალიზაციის მინიჭების თაობაზე უკვე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დაელოდოს.

"საქართველომ შეასრულა დაკისრებული დავალებები. ჩვენ წინმსწრები ანგარიში მიმდინარე წლის 17 აგვისტოს უკვე გავაგზავნეთ. ოთხ შემფასებელ მისიას ველოდებით სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში და ევროკომისიის საბოლოო ანგარიში იქნება მიმდინარე წლის 15 დეკემბერს. იმედი გვაქვს, რომ მეოთხე ანგარიში იქნება საბოლოო და საქართველოს ექნება უკვე საფუძველი დაელოდოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს შენგენის ზონაში გზას გაუხსნის. ვფიქრობ, იქნება დადებითი შეფასება. ჩვენ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო ვიყავით ამ პროცესის კოორდინატორები და ნამდვილად ამაყები ვართ იმ გაწეული სამუშაოებით, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებმა განახორციელეს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.

ბოლო მესამე ანგარიშით კი, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული 15 პუნქტიდან 8 ჰქონდა სრულად დაკმაყოფილებული, დანარჩენი კი ნაწილობრივ, ან თითქმის დაკმაყოფილებული.