"თბილისში ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში , თბილისშიც იგივე პოლიტიკა გატარდება, რაც რეგიონებში გატარდა.

როგორც ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, ტარიფზე სემეკ-ში მიმდინარეობს მსჯელობა. "რა მსჯელობებშიც მე მაქვს მონაწილეობა მიღებული, ამ მსჯელობების მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ თბილისი მოიქცევა ანალოგიურად, სავარაუდოდ გაატარებს იმ პოლიტიკას, რა პოლიტიკაც გაატარა სახელმწიფომ რეგიონებთან მიმართებაში",- განაცხადა ქუმსიშვილმა. კითხვაზე, იქნება თუ არა ამის რესურსი, ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ რესურსი უნდა გამოიძებნოს. "მე ღრმად მწამს, ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განსხვავება. ჩვენი მოქალაქე არის ჩვენი მოქალაქე და ყველა მოქალაქის მიმართ ჩვენ უნდა გვქონდეს ერთი და იგივე პოლიტიკა",- აღნიშნა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, რეგიონებში გაძვირებული დენის სხვაობას სოციალურად დაუცველებისთვის სახელმწიფო აანაზღაურებს.