ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი "ალიანს პალასი" აშენდება

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე 38 სართულიან მრავალფუნქციური კომპლექსი "ალიანს პალასი" აშენდება. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მშენებლობას საძირკველი დღეს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაუყარა. მთავრობის მეთაურმა "ორბი ჯგუფს" ქვეყნის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა, გააკეთებს ყველაფერს, რათა ბიზნესგარემო იყოს კიდევ უფრო ხელსაყრელი, საიმედო და საინტერესო საიმისოდ, რომ ქვეყანაში განხორციელდეს მსგავსი პროექტები.

"ბათუმში შემოდის სასტუმროების ცნობილი ბრენდი "მარიოტი", რაც მისასალმებელია. მინდა აღვნიშნო "ორბი ჯგუფის" დამსახურება ბათუმის განვითარებაში. მას 400 მილიონის ინვესტიცია უკვე აქვს განხორციელებული მხოლოდ ბათუმში. ასევე მას აქვს პროექტები თბილისში, გუდაურსა და ბაკურიანში. მნიშვნელოვანია ამ ჯგუფის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების და გაძლიერების საქმეში. დღეს საფუძველს ჩავუყრით ამ არაჩვეულებრივ პროექტს, ეს არის ქართველი არქიტექტორის –მინდია გურგენიძის შემუშავებული არაჩვეულებრივი პროექტი, რომელიც არის მოწონებული ამერიკელი პარტნიორების მიერ. ეს იქნება "ალიანს პალასის" სასტუმრო და აპარტამენტები, რომლის ჯამური ინვესტიცია შეადგენს 65 მილიონ ლარს. აქ დასაქმდება 1700 ადგილობრივი მცხოვრები, ხოლო ამოქმედების შემდგომ კომპლექსს 600 თანამშრომელი ეყოლება მუდმივად", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა დამსწრეთ პროექტის დაწყება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ სასტუმრო ორ წელიწადში გაიხსნება. ჟურნალისტებთან საუბრისას პრემიერ–მინისტრმა აჭარის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, 3 წლის განმავლობაში რეგიონში აშენდა 20 ახალი სასტუმრო, მათგან მიმდინარე წელს 4 ახალი სასტუმრო გაიხსნა.  "აჭარაში 20 ახალი სასტუმრო აშენდა, წელს ჩვენ 4 ახალი სასტუმრო გავხსენით და მათი ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 700 მილიონ დოლარს. ბათუმი ხდება კიდევ უფრო ლამაზი. წელს ყველაზე მეტი დამსვენებელი იყო ბათუმში ჩამოსული. წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი ვიზიტორების", –აღნიშნა პრემიერმა.

"ალიანს პალასი" იქნება ექსკლუზიური არქიტექტურით, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით გამორჩეული კომპლექსი. კომპლექსში გათვალისწინებულია რეცეფცია, კონსიერჟის სერვისი, დაცვა, ტექნიკური მომსახურება, დალაგების სერვისი, ვიდეომეთვალყურეობა და ა.შ. იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: მიწისქვეშა ავტოსადგომი, ღია და დახურული აუზები, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, რესტორნები და ა.შ. მშენებლობის პერიოდში დასაქმდება 1700 ადამიანი.