"თელასის" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ზამთარში გრაფიკი მოსალოდნელი არ არის

დღეს დადგენილი ტარიფი არის მინიმუმი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ზამთარი ნორმალურად, ყოველგვარი ექსცესების გარეშე გადავიტანოთ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია "თელასის" კომერციული დირექტორის მოადგილემ, მიშა ანთაძემ განუცხადა.

როგორც ანთაძემ აღნიშნა, მომხმარებლებისთვის ტარიფი გაიზარდა, თუმცა სამომხმარებლო ტარიფში "თელასის" განაწილების წილი შემცირდა დაახლოებით 3 თეთრით, რაც, ანთაძის თქმით, კომპანიისთვის მძიმე იქნება. "ჩვენ საბოლოო ანალიზი და შეფასება არ გაგვიკეთებია, რადგან რამდენიმე წუთის წინ ვიხილეთ საბოლოო ტარიფები, მაგრამ შესყიდვის ტარიფის კომპონენტის შემოთავაზებული ვარიანტი საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს არის მინიმუმი, რაც მოგვცემს საშუალებას, ზამთარი ნორმალურად გადავიტანოთ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. რაც შეეხება "თელასის" წილის შემცირებას, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს კომპანიისთვის სერიოზული პრობლემაა. გავაანალიზებთ სიტუაციას, გავაგრძელებთ მუშაობას მარეგულირებელ კომისიასთან და გამოვთქვამთ იმედს, რომ საბოლოო ჯამში იმ შედეგს მივიღებთ, რაც ჩვენთვისაც, კომისიისთვისაც და რაც მთავარია, მომხმარებლისთვის მისაღები იქნება", - განაცხადა მიშა ანთაძემ.

კითხვაზე, ხომ არ ელოდება დედაქალაქის მოსახლეობას გრაფიკი, "თელასის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გრაფიკს არ უნდა ველოდოთ.  მისივე თქმით, დენის ახალი ტარიფი გამოქვეყნებიდან ამოქმედდება და ძალაშია 2016 წლის 31 დეკემბრამდე.  კითხვაზე, კვლავ გეგმავს თუ არა კომპანია "თელასი" სატარიფო განაცხადით მიმართოს სემეკ-ს, მიშა ანთაძემ განმეორებითი მიმართვა არ გამორიცხა. "თუ ეკონომიკური მდგომარეობა, ვალუტის კურსი შეიცვალა, შეიცვალა ხარჯების შემადგენელი ნაწილები, როგორც ეს აპრილსა და მაისში მოხდა, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა ანთაძემ.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დღევანდელი გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი, 8.034 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 10.56 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16,992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 14.998 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ. ამასთან, ძველი ტარიფი დღგ-ს გარეშეა მითითებული.