"ყურძნის ჭარბი მოსავალი ძალიან კარგია"

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ საქართველოში არის მაღალხარისხიანი ჭარბი ყურძენი. ამის შესახებ ასოციაცია ”ქართული ღვინის” გამგეობის წევრმა ზურაბ მარგველაშვილიმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა.

„ალბათ ამ მოცულობის გარშემო ჩვენ არა მარტო წელს, არამედ მომავალ წლებშიც კოორდინირებულები უნდა ვიყოთ როგორც მევენახეებთან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებთან. არ შეიძლება ჩვენ ვცხოვრობდეთ რთველიდან რთველამდე და ყოველ რთველს დიდი შიშით და მაღალი რისკებით ველოდებოდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ ჭარბი მოსავალი ძალიან კარგია. შესაძლოა, ამის გამო წელს ვიღაცამ იფიქროს, რომ შარშანდელთან შედარებით ნაკლებ ფასს მიიღებს, მაგრამ ასეთი ხალხი გასული წლების მონაცემებს უნდა დაუკვირდეს - ჩაიხედოს ქვითრებში, იმ შემოსავლებში, რაც 2014 წლებში ჰქონდათ და ნახონ, რა ღირდა ყურძენი. ძალიან მარტივია იმის დადგენა, რომ შარშანდელი წელი სრულიად ალოგიკური წელი იყო. ბიზნესის არანაირ კანონებში არ ჯდებოდა. იყო აჟიოტაჟი რუსეთის ბაზრის გახსნის გამო. ეს იყო გადაჭარბებული აჟიოტაჟი, ჭარბი მოლოდინი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ერთი კილოგრამი მაღალხარისხოვანი რქაწითელის მოყვანა გლეხს არ უჯდება 30 თეთრზე მეტი. „შესაბამისად, თუ გლეხი 30-თეთრიან ყურძენს გაყიდის 60 თეთრად, მისი მოგების მარჟა არის 100 %-იანი“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ღვინის კომპანიების მოგების მარჟა არის უფრო ნაკლები, ვიდრე მევენახის.

მისი განცხადებით, იგივე პარალელი შეიძლება გავავლოთ საფერავის შემთხვევაში და მართალია, ამ შემთხვევაში 30 თეთრის ნაცვლად 40 თეთრია თვითღირებულება, გაყიდვის შემთხვევაში დაახლოებით 100%-იანი მარჟაა.

„თუ ვინმეს აქვს შესაძლებლობა, რომ გაყიდოს, როგორც შარშან, 300 და 400 %-იანი მარჟით, ეს მისი უფლებაა, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ყველაფერი გაყიდვებზეა მიბმული“, - განაცხადა ზურაბ მარგველაშვილმა.

როგორც ასოციაცია ”ქართული ღვინის” გამგეობის წევრმა პალიტრა TV-ს გადაცემა ”საქმეში” განაცხადა, ყურძნის ფასის ქვედა ზღვარის არარსებობა ნებისმიერ მევენახეს აძლევს შესაძლებლობას, ყურძენი სასურველ ფასად გაყიდოს.

”წელს ფასის ქვედა ზღვარი არ არსებობს, ეს ნიშნავს იმას, რომ მევენახეს შეუძლია ღვინის ნებისმიერ კომპანიასთან დაჯდეს მოლაპარაკებაზე“, - აღნიშნა ზურაბ მარგველაშვილმა.