დიმიტრი ქუმსიშვილი: საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს

მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით ლარი იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.  მისივე განმარტებით, წინა წელთან შედარებით, ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი, "რაც იმას ნიშნავს, რომ არსებობს საკმაოდ დიდი ლუფტი საშუალოვადიან პერიოდში ლარის გასამყარებლად".

"ლართან დაკავშირებით მკაფიოდ მინდა დავაფიქსირო, რომ სახელმწიფოს ყველა შტო, ერთობლივად მუშაობს და პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს შეხვედრები და დეტალური ანალიზი. მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, დღეს ლარი იმაზე მეტად გვაქვს გაუფასურებული, ვიდრე უნდა იყოს. როდესაც საგადამხდელო ბალანსს გავაანალიზებთ, ვნახავთ, რომ რეალურად, წინა წელთან შედარებით, დღეის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაზე 182 მილიონი დოლარით ნაკლებია წნეხი. რაც იმას ნიშნავს, რომ გვაქვს საკმაოდ დიდი ლუფტი იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში ლარი გამყარდეს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, საშუალოვადიან პერიოდში ახალ წლამდე პერიოდი მოიაზრება. "რა თქმა უნდა, ქვეყანაში, სადაც გვაქვს მცურავი სავალუტო კურსი, მერყეობები იქნება, ჩვენ გვაქვს პატარა ეკონომიკა, რომელიც არის ღია ეკონომიკა და შესაბამისად, საგარეო ფაქტორები ჩვენზე მოქმედებს. თუმცა ვფიქრობთ, რომ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, საშუალოვადიან პერიოდში ლარის გამყარება უნდა მოხდეს", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.