ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 60 ათას 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ბიზნესის სფეროში ბოლო პერიოდში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.

ქუმსიშვილმა სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული შესაბამისი მონაცემები დღეს მედიას გააცნო და აღნიშნა, დაფიქსირებული დადებითი ტენდენციები მიანიშნებს, რომ "ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ". "პირველი მონაცემები, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, შეეხება დასაქმებას. სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლებით, 2015 წლის მეორე კვარტალში, 2014 წლის მეორე კვარტალთან შედარებით, 60 ათას 800 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. ეს არის 12%-იანი ზრდა, საერთო ჯამში კი დასაქმებულთა რაოდენობა 568 ათასი ადამიანი შეადგინა. ამასთან, საშუალო ზომის საწარმოებში ფიქსირდება დასაქმები 32%-იანი ზრდა და ეს არის 23 ათასი დასაქმებული. მცირე საწარმოებში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გვაქვს 16%-იანი ზრდა, რაც 18 ათას 600 დასაქმებულ ადამიანს მოიცავს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება ხელფასებთან დაკავშირებულ მონაცემებს, ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ბიზნესსექტორში საშუალო თვიურმა ხელფასმა 2015 წლის მეორე კვარტალში 942 ლარი შეადგინა, რაც მისივე თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10%-იანი ზრდაა.  "მინდა აქვე აღვნიშნო ბიზნეს სექტორის ბრუნვა, რომელიც წინა წელთან შედარებით, 16%-ით არის გაზრდილი და მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს, თუმცა ჯამურად ეს არის 12 მილიარდ 800 მილიონი ლარი. ასევე 22% - 1,3 მილიარდი ლარითაა გაზრდილი საწარმოთა მიერ გამომუშავებული პროდუქციის ღირებულება, ამ მიმართულებით მთლიანმა მაჩვენებემა მეორე კვარტალში 6,9 მილიარდი ლარი", - განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.

დიმიტრი ქუმსიშვილის შეფასებით, ეს არის დადებითი ტენდენცია, რომელიც აჩენს იმედს, რომ ძალიან მალე მიეცემათ დასაქმების საშუალება იმ ადამიანებს, ვისაც ეს ჭირდება.  "ჩვენ ეს ციფრები გვაძლევს იმედს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით და მონდომებით ვიმუშაოთ. კარგად გვესმის, რომ დასაქმების დონე არის საკმაოდ დაბალი, თუმცა არსებული დადებითი ტენდეცია ნიშნავს იმას, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, ასევე ეს გვაძლევს იმედს, რომ ძალიან მალე იმ ადამიანებსაც მიეცემათ დასაქმების შესაძლებლობა, ვისაც ეს ჭირდება", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.