"დიპლომატიური წარმომადგენლობები უნდა აღიჭურვონ იმ ფუნქციებით, რასაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ჰქვია"

ვფიქრობ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უნდა არსებობდეს ის კომპეტენცია, რომელიც ადგილზე ეკონომიკური პროფილის საქმიანობის განხორციელებისთვისაა საჭირო,- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა ახალმა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ჩვენ დღეს გვაქვს საინვესტიციო სააგენტო Invest in Georgia, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მიიტანოს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან იმ შესაძლებლობების შესახებ, რაც საქართველოში არსებობს.  "ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც ეს სააგენტო, ასევე ყველა ეკონომიკური უწყება სინქრონულ რეჟიმში ვამუშაოთ ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან, რათა მაქსიმალური ეფექტი იქნას მიღებული. ასევე ვფიქრობთ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში უნდა არსებობდეს ის კომპეტენცია, რომელიც ადგილზე არის საჭირო ეკონომიკური პროფილის საქმიანობის განხორციელებისთვის", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ორი დღის განმავლობაში მან მთლიანად ვერ მოახერხა ელჩებისგან ინფორმაციის მიღება, ხოლო მომავალი სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები დიპლომატებთან და მაქსიმალურად შეეცდება მიიღოს ინფორმაცია, რომელიც ადეკვატური გადაწყვეტილებებისთვის იქნება საჭირო.  გიორგი კვირიკაშვილის თქმით, დიპლომატიური წარმომადგენლობები უნდა აღიჭურვონ იმ ფუნქციებით, რასაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის ფუნქცია ჰქვია. როგორც მინისტრმა განმარტა, ზოგიერთ საელჩოში არსებობს ეს ფუნქცია, ხოლო ზოგიერთში - არა. ძირითადად მატერიალურ-ტექნიკური მიზეზის გამო და მინისტრი ყველანაირად შეეცდება, რომ იმ ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სადაც აუცილებელია, ამ ფუნქციებით აღჭურვილი თანამშრომლები იყვნენ.