გიორგი აბაშიშვილი: კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას პრეზიდენტი კონსტიტუციურ ვადებში მიიღებს

პრეზიდენტის მრჩეველის ეკონომიკურ საკითხებში, გიორგი აბაშიშვილის თქმით, პარლამენტმა "ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა, რაც სამწუხარო ფაქტია.

როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პრეზიდენტი უკვე ვეტოდაძლეულ კანონპროექტზე ხელმოწერასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს.  "სამწუხაროა, რომ არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. ორმაგად სამწუხაროა, რომ თავდაპირველი კანონის მოტივი, რომელიც ითვალისწინებდა ეროვნული ბანკიდან ზედამხედევლობის გატანას, იყო უარგუმენტო. ასევე ვეტოს დაძლევის პროცესში იყო აბსოლუტურად ნული არგუმენტი იმისა, თუ რატომ არ შეიძლებოდა გაზიარებულიყო პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები. პირიქით, შენიშვნები გვაძლევდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა რისკები, რომელიც დაიწყება კანონპროექტის ძალაში შესვლის მომენტიდან. რაც შეეხება კანონპროექტზე ხელის მოწერას, პრეზიდენტი კონსტიტუციით გათვლილ ვადებში მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პარალმენტმა გუშინ ,,ეროვნულ ბანკთან" დაკავშირებით პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინა.