ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარუდგინა

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის წევრებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 8 თვის ანგარიში წარუდგინა.შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ხადურს მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა სთხოვა.

"იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შემოსავლებმა შეადგინა 5 151 200 ათასი ლარი, რაც წლიური გეგმის 66 %, 9 თვის გეგმის კი 89%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის იმავე პერიოდს 530 მილიონი ლარით, ანუ დაახლოებით 11 %-ით აღემატება. 2015 წლის იანვარ-აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში 6 304 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს 823 მილიონი ლარით აღემატება. ეს არის 9 თვის გეგმის 87 %. მინდა გითხრათ, რომ თანაბრობით აღინიშნება მიმდინარე წლის შემოსავლების და ხარჯების გეგმა. რაც შეეხება გადასახდელებს, იანვარ-აგვისტოში გაწეული გადასახდელები ჯამში 6 10 მილიონი ლარია, რაც 9 თვის გეგმის 83 %-ია. იანვარ-აგვისტოში წელს დახარჯულია 660 მილიონი ლარით მეტი, 2014 წლის იგივე პერიოდთან შედარებით. იანვარ-აგვისტოს პერიოდში კაპიტალური პროექტების განხორციელებაზე უკვე დახარჯულია 900 მილიონი ლარი, რაც 32 %-ით აღემატება შარშანდელ შესაბამის მაჩვენებელს.  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხების საკასო შესრულება შეადგენს 188 მილიონ ლარს. ფონდიდად დღეის მდგომარეობით გამოყოფილია 390 მილიონი ლარი. მუნიციპალიტებებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების იანვარ-აგვისტოს ხარჯი შეადგენს მილიარდ 260 მილიონ ლარს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს 1-ელი ოქტომბრისთვის ეცოდინება დაზუსტებული ინფორმაცია კვარტლების გეგმის მიხედვით, თუმცა "შემოსავლების მიმდინარეობა, მათ შორის სექტემბერში, საკმაოდ დამაიმედებელია".