დავით ნარმანიას განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, მერია სოციალურად დაუცველებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას მოახდენს. ამის შესახებ ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობიდ სხდომამდე განუცხადა.

"ჩვენი მხრიდან მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რაც გულისხმობს თითოეული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის სუბსიდირებას იმ გაზრდილი თანხისა, რაც შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე დამატებით ხარჯებს გულისხმობს ელექტროენერგიაზე. აქედან გამომდინარე, ყველა ის ოჯახი, რომელიც არის სოციალურად დაუცველი და საჭიროებს ამ თვალსაზრისით მხარდაჭერას, თბილისის მერიის მიერ იქნება მხარდაჭერილი. უკვე დაევალა სოციალური დაცვის სამსახურს გაანგარიშების გაკეთება. დედაქალაქის ბიუჯეტში გვაქვს შესაბამისი სახსრები და მოხდება ამ ყველაფრის დადგენილი წესით შესრულება", - განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადი, საფეხურების მიხედვით, დაახლოებით 3-4 თეთრით გაიზარდა.  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილების მიხედვით, დღგ-ს ჩათვლით, 101 კვტსთ-ის ჩათვლით დენის ფასი 9.480 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, იქნება 12.980 თ/კვტსთ; 101 კვტსთ-დან 301 კვტსთ-ის ჩათვლით, 12.461 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, ფასი იქნება 16.992 თ/კვტსთ; 301 კვტსთ-დან და მეტი - 17.698 თეთრი/კვტსთ ნაცვლად, 21.476 თ/კვტსთ.  აქედან გამომდინარე, პირველ საფეხურზე მატება არის 3.5 თეთრი, მეორე მეორე საფეხურზე - 4.53 თეთრი, მესამე საფეხურზე - 3.79 თეთრი.