ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტულ პროდუქტს შორის თხილი პირველ ადგილზეა

საქართველოში გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტი წარუდგინა.

პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში პირველი თხილი მოხვდა, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო თხილის მსოფლიო უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის.

bpnთხილის კულტურის წარმოება საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია განვითარებული, თუმცა ამ კუთხით, განსაკუთრებით სამეგრელო გამოირჩევა: სამეგრელოში თხილის 52%, გურიაში - 23%, იმერეთში - 14% ხოლო დანარჩენ რეგიონებში 11% იწარმოება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თხილის წარმოების მაჩვენებლები კი წლების მიხედვით ასე გამოიყურება: 2010 წელს საქართველოში სულ 28 800 ტონა თხილი, 2011 წელს - 31 100 ტონა, 2012 წელს - 24 700 ტონა, ხოლო 2013 წელს 39 700 ტონა თხილი იქნა წარმოებული.

2013 წელს თხილის მოსავლის რაოდენობამ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში რეკორდული მაჩვენებელი - დაახლოებით 39.7 ათასი ტონა შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, 2012 წელს თხილის ექსპორტის ყველაზე მაღალი თანხობრივი მაჩვენებელი თებერვალში დაფიქსირდა და დაახლოებით, 17 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერში დაფიქსირდა - დაახლოებით 40 ათასი აშშ დოლარი, 2014 წელს აგვისტოს თვეში თხილის ექსპორტმა 40 ათას აშშ დოლარს გადააჭარბა.

bpnგასულ წელს ქართული თხილის ძირითად საექსპორტო ბაზრებს იტალია (20%), გერმანია ( 19 %), ყაზახეთი (8%) და ესპანეთი (7%) შეადგენდა. დანარჩენ ქვეყნებზე კი თხილის ექსპორტის 46% მოდიოდა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას მიერ წარდგენილ კრებულში „საქართველოს აგროსასურსათო სექტორი - თქვენი ინვესტიციისთვის“, აღნიშნულია, რომ საქართველოში თხილის ექსპორტი მზარდი ტენდენციით ხასიათდება. თვალსაჩინოა ბაზრების დივერსიფიკაცია და პროდუქტის მრავალფეროვანი ასორტიმენტი: თხილის გული, მოხალული თხილის გული, თხილის ფქვილი, თხილის ნაჭუჭი.

ფინანსური მაჩვენებლები კი, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, თხილის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 1 ჰა ფართობზე (ბაღზე) ძირითადი საინვესტიციო კაპიტალი 5 700 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე7 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (IPR) – 19 %-ია.

bpn

როგორც ოთარ დანელიამ ჟურნალისტებსა განუცხადა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომზადებული აქვს მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელიც პრიორიტეტულია ქვეყნისთვის. შესაბამისად, საჭიროა საელჩოების ხელშეწყობა, ელჩების უშუალო ჩართულობა ამ მიმართულებით.  "ჩვენ ექსპორტის პოტენციალის მატარებელი 21 პრიორიტეტული პროდუქტის სია დავარიგეთ და მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით უკვე კონკრეტული პოლიტიკა დავიწყოთ. მოგეხსენებათ, ჩვენთვის საექსპორტო ბაზრის დივერსიფიკაცია უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამაში ელჩების ხელშეწყობა ძალიან დიდია და ეს ხელშეწყობა კიდევ გაგრძელდება", - განაცხადა დანელიამ.