"ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

მთავრობის დადგენილებით, დღეს "ენგურჰესის" თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განუცხადა, უახლოეს მომავალში დაიწყებენ შესაბამის პროცედურებს, რომელიც გულისხმობს საბუთების მომზადებას, რათა მსოფლიო მემკვიდრეობის იუნესკოს ძირითად ნუსხაში იყოს წარდგენილი.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 2015 წელს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის დღეების მთავარი თემა ინდუსტრიული მემკვიდრეობაა. ვფიქრობ, ეს იმდენად უნიკალური საინჟინრო ნაგებობაა, რომ ნამდვილად ეკუთვნის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ჩვენ გვქონდეს ინდუსტრიული ძეგლი წარდგენილი", - განაცხადა გიორგაძემ.